როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, შესაძლებელია, შეეცვალოს მიზნობრივი დანიშნულება. კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაყვანილ იქნეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად და პირიქით.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა შეიძლება განხორციელდეს დასაბუთებული საჭიროების არსებობის შემთხვევაში.

თუ მიწის ნაკვეთი მდებარეობს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის, ქალაქ თბილისის ან ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისათვის დაინტერესებულ პირს უწესდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხა, რომელიც იანგარიშება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, ფართობისა და კატეგორიის გათვალისწინებით. საკომპენსაციო თანხა გადაიხდება მიწის ნაკვეთის ფართობის პროპორციულად.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა დასაშვებია, თუ დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით და მიზნით არ გამოიყენება და მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება შესაძლებელია.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისთვის საკომპენსაციო თანხის გადახდა არ მოითხოვება.

მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ახორციელებს სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ (შემდგომ-სააგენტო).

მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების დასაბუთებულობის საკითხის წინასწარი შეფასებისა და დასკვნის შემუშავების მიზნით, სააგენტოს თავმჯდომარე ქმნის სამუშაო ჯგუფს კომისიის სახით, რომელშიც თავად არ მონაწილეობს. კომისიის მიერ დასკვნის მომზადების შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ, რის საფუძველზეც სააგენტო   უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის რეგისტრაციას. კომისიის მიერ განცხადების  განხილვის პერიოდში, სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო საქმისწარმოება ჩერდება.

მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირს შეუძლია პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს ნებისმიერ იუსტიციის სახლს და მობილური იუსტიციის სახლს.

სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებით განცხადებასთან ერთად წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება (ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  • დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი;
  • წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • დასაბუთებული განცხადება მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის საჭიროების შესახებ;
  • თუ მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლა მოთხოვნილია მასზე სამეწარმეო საქმიანობის წარმართვის მიზნით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლითაც დადგინდება მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის დასაშვებობა მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების ან/და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პირობებთან მიმართებაში, ასევე ბიზნესგეგმა, რომლითაც დადგინდება საქმიანობის ძირითადი ასპექტები, ნათლად ჩამოყალიბებული მიზნები და ამ მიზნების მიღწევის გზები და ბიზნესგეგმასთან შესაბამისობაში მყოფი ფინანსური გეგმა, როგორც ფინანსური რესურსების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა მოთხოვნილია მისი სამშენებლოდ გამოყენების მიზნით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომლითაც დადასტურდება მშენებლობის ნებართვის გაცემისა (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შემთხვევისა, როდესაც მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა) და მშენებლობის წარმოებისთვის მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის აუცილებლობა;
  • თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა მოთხოვნილია მასზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომლითაც დადასტურდება განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის წარმოებისთვის მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის აუცილებლობა;
  • თუ განაშენიანების გეგმით დადგენილია ფუნქციური ზონის ცვლილება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია მიწის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებად შეცვლა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ინფორმაცია დასაშვებობის თაობაზე.)
  • არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, სსიპ ,,მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო მიზნით არ გამოიყენება და მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება შესაძლებელია.
  • სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან დასაბუთებული განცხადება;
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის საკომპენსაციო თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში);
  • რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზემოხსენებული დოკუმენტაციის გარდა, სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია, დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია რეგისტრაციისათვის.