მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს და არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებს და მარეგისტრირებელი ორგანოდან მიიღოს რეესტრიდან ამონაწერი.

რეგისტრაცია არის სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

 იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა, სავალდებულოდ უნდა დარეგისტრირდეს რესტრში. მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი წარმოშობილად ითვლება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა შეზღუდვის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების  შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.

 კანონმდებლობის შესაბამისად, ამონაწერი რეესტრიდან გაიცემა ელექტრონული ფორმით, მისი ნამდვილობისთვის მარეგისტრირებელი ორგანოს  უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი არ მოითხოვება.

ამონაწერის მონაცემთა ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით www.napr.gov.ge

 ამონაწერის ვადა არ არის განსაზღვრული, ის მოქმედებს უვადოდ. მასში ასახული მონაცემები ძალაშია მათ შეცვლამდე. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების  რეგისტრაციის შედეგად მზადდება ახალი ამონაწერი.

 მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ნებისმიერი პირის მოთხოვნით.

ამონაწერის მოთხოვნით მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, მარეგისტრირებელ ორგანოში მისვლის გარეშე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით www.napr.gov.ge.

მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ამონაწერის მომზადების მოთხოვნით მიმართეთ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:   

  1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);             
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტი.

 

 

 

მომსახურების ვადა

მომსახურების ტარიფი

1 სამუშაო დღეში

15 ლარი

იმავე დღეს

50 ლარი