სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების  საფუძველზე  ცვლილების რეგისტრაცია  გულისხმობს ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვას შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში   ცვლილების რეგისტრაცია ხორციელდება მაშინ, როდესაც ხელშეკრულების მონაწილე მხარეები (მარჩენალი და სარჩენი) ურთიერთშეთანხმებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ უკვე რეგისტრირებულ ხელშეკრულებაში შეიტანონ რაიმე სახის ცვლილება. (შეცვალონ სამისდღეშიო სარჩო ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობები).

ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი იდება წერილობითი ფორმით და მოწმდება მხოლოდ ნოტარიუსის მიერ.

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია არის ამ უფლების შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე  გადაწყვეტილების მიღებით.

როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე და მოითხოვონ რეგისტრირებული სამისდღეშიო ხელშეკრულების გაუქმება. მოთხოვნა გაუქმების თაობაზე უნდა მოხდეს, მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით სათანადო წესით დამოწმებული ხელშეკრულების თაობაზე. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს.

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ასევე წყდება სარჩენის გარდაცვალებით. ამ შემთხვევაში მარჩენალი იკავებს მესაკუთრის (სარჩენის) ადგილს.

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება (ივსება ელექტრონულად, განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ);
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. სანოტარო წესით დამოწმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე;

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

შენიშვნა: მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ადგილზე;

კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლოა, დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად.