საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად განცხადებას წარადგენს:
- სრულწლოვანი ქმედუნარიანი უცხოელი პირადად;
- არასრულწლოვანი (18 წლამდე) უცხოელის კანონიერი წარმომადგენელი, გარდა 16 - დან 18 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი უცხოელისა;
- 16- დან 18 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი უცხოელი;
- მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერი;
- დაინტერესებული პირის წარმომადგენელი (თუ დაინტერესებული პირი იმყოფება საქართველოში), სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.
არასრულწლოვანი პირის ბინადრობის ნებართვის თაობაზე განცხადებას წარადგენს მისი ერთ-ერთი კანონერი წარმომადგენელი ან კანონიერი წარმომადგენლის მინდობილი პირი;
იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანი პირის მიმართ გასაცემი ბინადრობის ნებართვის სახეობა ითვალისწინებს დროებითი ცხოვრების უფლებით ბინადრობის ნებართვის გაცემას, საკმარისია არასრულწლოვანის ერთი-ერთი კანონიერი წარმომადგენლის განცხადება;
იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანი პირის მიმართ გასაცემი ბინადრობის ნებართვის სახეობა ითვალისწინებს მუდმივი ცხოვრების უფლებით ბინადრობის ნებართვის გაცემას, არასრულწლოვანი პირის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ განცხადება უნდა დაერთოს მეორე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
იმ შემთხვევაში თუ განაცხადის წარმდგენი პირი, არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის მინდობილი პირია, ნებისმიერი სახის ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის დროს საჭიროა ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
ეს საყურადღებოა!
უცხოელი ვალდებულია ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე; აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება უვადო ბინადრობის ნებართვის, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე;
ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით უცხოელი სააგენტოს მიმართავს არაუადრეს 90 დღისა ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე.
საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით განცხადების წარდგენის მომენტისთვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე;
საქართველოში ბინადრობის ნებართვა (გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისა, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და დროებითი ბინადრობის ნებართვისა) არ გაიცემა C კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე;
საქართველოში ბინადრობის ნებართვა (გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისა, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და დროებითი ბინადრობის ნებართვისა) არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში იმყოფება სხვა ქვეყნის (არა მისი მოქალაქეობის ქვეყნის) მიერ გაცემული ბინადრობის ან ვიზის საფუძველზე;
თავშესაფრის მაძიებელი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისთვის არ ითვლება საქართველოში კანონიერად მყოფ პირად;