საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დასადგენად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
- დადგენილი ფორმის განცხადება;
- უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ;
- ნებისმიერი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლოა დადასტურდეს სტატუსის მაძიებლის მოქალაქეობის არქონის ფაქტი.
- დაბადების მოწმობა;
- ფოტოსურათი.
- საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
წარსადგენი დოკუმენტების არქონის შემთხვევაში განცხადებაში უნდა მიეთითოს დოკუმენტის არქონის მიზეზი.
თუ დაინტერესებული პირი არ ფლობს ვპირადობის და ვინაობის დამადასტურებელ დოკუმენტს, პირის ვინაობა შესაძლოა დადასტურდეს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, სამედიცინო ან საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების უფლებამოსილი პირის ან საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი ინფორმაციით ან 2 სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მიერ წარდგენილი,სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ !!!
ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის,
თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.
ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.