შუამდგომლობას  ემიგრაციის ნებართვის მისაღებად დაინტერესებული პირი წარადგენს :

  • იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში;
  • სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში.

შეუმდგომლობა შესაძლებელია წარდგენილ იქნას მატერიალური ან ელეტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ
ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით

სრულწლოვანი პირის ემიგრაციის ნებართვის მისაღებად დაინტერესებული პირი წარადგენს:

  • საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტის ასლს; 
  • 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები – სამხედრო ბილეთის ასლს ან ცნობას სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ; 
  • ფოტოსურათს;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

არასრულწლოვანი პირის ემიგრაციის ნებართვის მისაღებად დაინტერესებული პირი წარადგენს:

  • საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტის ასლს; 
  • დაბადების მოწმობას;
  • ფოტოსურათს;
  • კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა შეიძლება გამოხატული იყოს: 

  • სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;
  • სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით;

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

დაინტერესებულ პირს შეიძლება უარი ეთქვას ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ:

  • მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;
  • მას არ მოუხდია სასამართლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი;
  • იგი წვევამდელი ასაკისაა და არ მოუხდია სავალდებულო სამხედრო სამსახური, თუ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის ამ
    ვალდებულებისგან;
  • სამუშაოს ხასიათის გამო მისთვის ცნობილია სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებანი და არ გასულა კანონით დადგენილი ვადა, რომლიდანაც იგი დაკავშირებული არ არის ამ სამუშაოსთან. ამასთანავე, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს;
  • ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის აღძვრისას წარმოადგენს ყალბ საბუთებს.