განცხადება ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად უნდა წარადგინოს:

  • სრულწლოვანმა, ქმედუნარიანმა პირმა პირადად;
  • არასრულწლოვანის ერთ-ერთმა კანონიერმა წარმომადგენელმა;
  • მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერმა;
  • დაინტერესებული პირის წარმომადგენელმა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე;
  • დაინტერესებული პირის განცხადება ასევე შესაძლებელია წარადგინოს საქართველოში მოქმედმა საერთაშორისო ორგანიზაციამ; 

 

შენიშვნა:  ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის  მიღების უფლება არა აქვს პირს, რომელზეც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

პირადობის ნეიტრალური მოწმობის მფლობელი პირი  ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს:

  • პირადობის ნეიტრალური მოწმობას;
  • 1 (ერთი) ფოტოსურათს დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს;

 

 პირი რომელიც არ ფლობს პირადობის ნეიტრალურ მოწმობას, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურში წარადგენს:

  • პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტს:

ა) ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტს;

ბ) შესაბამის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გაცემულ დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტს;

  •  ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტს;

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.