პირადობის ნეიტრალური მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:
- პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ა) ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი;
ბ) შესაბამის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გაცემული დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- 1 (ერთი) ფოტოსურათი დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;
- მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ !!!
ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.
ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.