არამატერიალური ქონებრივი სიკეთე

  1. რა არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე?

არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს მიეკუთვნება წილები და აქციები, ასევე ყველა ის მოთხოვნა და უფლება, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მის მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ან/და მიენიჭოს უფლება, მოსთხოვოს რაიმე სხვა პირებს.

 

  1. სად შეიძლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთით დაინტერესების შემთხვევაში განცხადების ჩაბარება?

დაინტერესებულმა პირმა, უნდა მიმართოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ  მომსახურების ცენტრს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.

 

  1. რა ფორმით არის შესაძლებელი არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გასხვისება?
  • აუქციონის ფორმით პრივატიზება;
  • აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა.
  • პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება;
  • პირდაპირი ფორმით მართვის უფლებით გადაცემა.
  • კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი ფორმით პრივატიზება;
  • კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი ფორმით მართვის უფლებით გადაცემა.

 

  1. ვინ იღებს გადაწყვეტილებას პირდაპირი ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური სიკეთის განკარგვასთან დაკავშირებით?

პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაწყვეტილებას სააგენტოს წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.

 

  1. ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?
  • საქართველოს მოქალაქე;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე;
  • კერძო სამართლის იურიდიული პირი ან იმ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25 %-ზე ნაკლებია.
  • სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
  • საქართველოს ეროვნული ბანკი;
  • სახელმწიფო ორგანო;
  • ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
  • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია.

 

  1. არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესთან დაკავშირებული განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგნელი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.