ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. იგი საქმიან ურთიერთობაში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი. ინდივიდუალური მეწარმე სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით, თუ ინდივიდუალურ მეწარმესა და კრედიტორს შორის შეთანხმებით (გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისა) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ინდივიდუალური მეწარმის საფირმო სახელწოდებად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ინდივიდუალური მეწარმის სახელი და გვარი, ასევე შესაძლებელია საფირმო სახელწოდება იყოს ფანტაზიის ნაყოფიც.

მეწარმედ მიიჩნევა ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საწარმო.

საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზებული სისტემა. სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი,დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა.

სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების ფორმით. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი სამეწარმეო საზოგადოებაა.

სამეწარმეო საზოგადოება არის იურიდიული პირი.

სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, საარბიტრაჟო, სამედიატორო, სანოტარო, აუდიტორული ან საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა, აგრეთვე ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შესაბამისად, თუ პირი ეწევა ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობიდან რომელიმეს, მისი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია სავალდებულო არ არის.

ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის მიმართეთ ნებისმიერ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;

თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:                                             

  • განცხადება (ივსება ლექტრონულად განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ);                                                                                                                                                    
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;                                                

    სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ადგილზე.

    შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირდებით პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც არ წარმოადგენს თქვენს საკუთრებას, დამატებით წარმოადგინეთ აღნიშნულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობა ან სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ხელშეკრულება ამ ნივთით სარგებლობის შესახებ (იჯარის, ქირავნობის, თხოვებისა ან სხვა);

    იმ შემთხვევაში, თუ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტი.

    კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.

     

     

     

     

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების დროს წარმოსადგენია:

  • განცხადება;
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე გაუქმდეს რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალების, სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადების ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, ან მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ასეთ შემთხვევებში ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია უქმდება ნებისმიერი პირის მოთხოვნით ან მარეგისტრირებელი ორგანოს ინიციატივით.

 

  • ინდივიდუალური მეწარმის გარდაცვალების შემთხვევაში, რეგისტრაციის გაუქმების მიზნით წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული გარდაცვალების მოწმობა.

 

  • ინდივიდუალური მეწარმის სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადების ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, ან მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების მიზნით წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილება.