ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის  მიღების მოთხოვნით განცხადებას უფლებამოსილ სამსახურში წარადგენს:

  • დაინტერესებული სრუწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად;
  • დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, სათანადო  წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე;
  • არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი; 
  • 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, თუ იგი ფლობს პირადობის დამადასტურებელს დოკუმენტს.

მინდობილობა შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს:

  • სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;

  • სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

 

 დაინტერესებული პირი უფლებამოსილია პირველადი  ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად მიმართოს იუსტიციის სახლის ან სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს შესაბამისი სასწავლო  წლის 20 ივნისიდან საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წლის ბოლომდე.

თუ დაინტერესებული პირი პირველადი  ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად  უფლებამოსილ სამსახურს არ მიმართავს სასწავლო წლის ბოლომდე, დაინტერესებულ პირზე მომდევნო წელს გაიცემა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი.

 დაინტერესებულმა პირმა პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურში უნდა წარადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბადების მოწმობა - თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა - თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
  • დოკუმენტის დაჩქარებული წესით გაცემის  შემთხვევაში - დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სერვისების განვითარების სააგენტო განათლების სამინისტროს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე ახორციელებს   ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემას.  ატესტატის დუბლიკატი გაიცემა შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ დაინტერესებულ პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი არ აუღია  საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს;
  • თუ დაინტერესებულმა პირმა პირველადი ატესტატის მიღების შემდეგ შეიცვალა სახელი ან გვარი;
  • თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გამოსაყენებლად უვარგისია;
  • ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში.

ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დაინტერესებული პირის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომერი და გამოცემის თარიღი;
  • პირის მიერ სახელის ან/და გვარის გამოცვლის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა - თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
  • დაბადების მოწმობა - თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის დუბლიკატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

პირველადი  ზოგადი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის გაცემა მე-10 სამუშაო დღეს უფასოა.

მიმდინარე სასწავლო წლის 20 ივნისამდე პირველადი ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასურიებია:

  • განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს - უფასო;
  • განცხადების წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 45 ლარი;
  • განცხადების წარდგენიდან მე-3 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 65 ლარი;
  • განცხადების წარდგენიდან მე-2 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 85 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 95 ლარი.

მიმდინარე სასწავლო წლის 20 ივნისის შემდეგ პირველადი ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასურიებია: 

  • განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს - უფასო;
  • განცხადების წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 25 ლარი;
  • განცხადების წარდგენიდან მე-3 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 40 ლარი;
  • განცხადების წარდგენიდან მე-2 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 55 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 65 ლარი.

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მომსახურეობის ვადა და საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

თუ განცხადების წარდგენის დროისთვის მოსწავლის მონაცემები დაცულია საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში:

  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის  მომსახურების საფასურია - 75 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურია - 95 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურია - 120 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან ორი სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის მომსახურებისსაფასურია - 130 ლარი.

თუ დაინტერესებული პირი უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობას, რომელშიც მითითებულია,  პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, დოკუმენტის გაიცემა:

  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის  მომსახურების საფასურია - 75 ლარი; 

შენიშვნა: თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მომენტისთვის მონაცემთა ელექტრონული ბაზა არ შეიცავს ინფრომაციას  ატესტატის გაცემის შესახებ , ამასთან დაინტერესებული პირის მიერ არ არის წარმოდგენილი დოკუმენტის გაცემისთვის აუცილებელი ძირითადი დოკუმენტები (ცნობა სკოლიდან ან არქივიდან, შესაცვლელი ატესტატი) , ატესტატის გაცემა განხორციელდება განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნულ შემთხვევაში ატესტატის დუბლიკატის გაცემის მომსახურების საფასურია 40 ლარი.