მომსახურების საფასურის გადახდა ხდება სააღსრულებო ფურცლის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში და შეადგენს მოთხოვნილი თანხის 2%-ს, მაგრამ  არანაკლებ 50 ლარს.

საფასურის წინასწარ გადახდისგან  თავისუფლდება:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობით;
ბ) კრედიტორი სასამართლოს გადაწყვეტილებით.

გ)საქართველოს ეროვნული ბანკი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი –საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი-შემოსავლების სამსახური.

აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან ხუთი დღის ვადაში სვავს მოვალეს მოვალეთა რეესტრში და უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების შვიდი დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. აღნიშნული წინადადებით  მოვალეს ასევე ეცნობება:

  • ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში - აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ;
  • „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები;
  • სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები;
  • იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები;
  • აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.
  • მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.

წინადადების ჩაბარებასთან ერთად აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, მიმართავს შსს, საჯარო რეესტრს, სამეწარმეო რეესტრს, შემოსავლების სამსახურს და საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საბანკო დაწესებულებას შესაბამის ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ შვიდი დღის ვადაში მოვალის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულება არ იქნება სრულად შესრულებული, აღმასრულებელი ახორციელებს დამატებით სააღსრულებო მოქმედებებს, როგორიცაა: მოვალის საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხის საინკასო დავალებით ჩამოჭრა, მოვალის კუთვნილი ავტომანქანების ძებნა-დაკავებაზე გადაცემა, მოვალის საცხოვრებელ მისამართზე გასვლა მისი მოძრავი ნივთების აღწერა-დაყადაღების მიზნით და მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია.

მოვალის ქონებაზე აუქციონი ტარდება ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში.

იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნება.

აუქციონზე ნივთის რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხით ხდება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო ნამეტი თანხა(ასეთის არსებობის შემთხვევაში) უბრუნდება მოვალეს.