სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა

  1. რა არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა?

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული ან დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის (მეფრინველეობის, მეთევზეობის) პროდუქციის წარმოებისათვის, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავებით ან/და შენობა ნაგებობებით ან მათ გარეშე.

 

  1. სად შეიძლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით დაინტერესების შემთხვევაში განცხადების ჩაბარება?

დაინტერესებულმა პირმა, უნდა მიმართოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ  მომსახურების ცენტრს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.

 

  1. რა კატეგორიებად იყოფა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა?
  • სახნავი - ყველაზე მაღალი ინტენსივობის კატეგორია;
  • სათიბი - საშუალო ინტენსივობის კატეგორია;
  • საძოვარი - დაბალი ინტენსივობის კატეგორია.

 

  1. შესაძლებელია თუ არა კატეგორიის ცვლილება?

შესაძლებელია მხოლოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება დაბალი ინტენსივობის სავარგულიდან მაღალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორიაში. მაგალითად: საძოვრის, სათიბის ან სახნავის კატეგორიაში და სათიბის სახნავის კატეგორიაში გადაყვანა. ასევე, სამივე კატეგორიის მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიაში გადაყვანა.

 

  1. რა ფორმით არის შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება?
  • აუქციონის ფორმით პრივატიზება, გარდა საძოვრისა;
  • აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემა;
  • პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება, გარდა საძოვრისა;
  • პირდაპირი ფორმით სარგებლობაში გადაცემა;
  • უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;
  • კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი ფორმით პრივატიზება, გარდა საძოვრისა;
  • კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი ფორმით სარგებლობაში გადაცემა.

 

  1. ინ იღებს გადაწყვეტილებას პირდაპირი ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით?

პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაწყვეტილებას სააგენტოს წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.

 

  1. ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?
  • საქართველოს მოქალაქე, სასყიდლით;
  • კერძო სამართლის იურიდიული პირი, სასყიდლით;
  • საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია, უსასყიდლოდ;
  • იძულებით გადაადგილებული პირები, უსასყიდლოდ.

 

  1. განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგნელი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.