მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი წარმოადგენს მონაცემთა ერთობლიობას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები.

რეგისტრაცია ნიშნავს სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად, რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან.

რეგისტრაცია გულისხმობს სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის მიმართეთ ნებისმიერ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:      

  • განცხადება;
  • ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სადამფუძნებლო შეთანხმება, რომელიც მოიცავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას და წესდებას. სამეწარმეო საზოგადოებების სტანდარტული წესდებები დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის „სამეწარმეო საზოგადოებების სტანდარტული წესდებების დამტკიცების შესახებ“ 2021 წლის 29 ნოემბრის N791 ბრძანებით, რომელიც განთავსებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე (matsne.gov.ge) და ელექტრონულ პორტალზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. სარეგისტრაციო მიზნებისთვის, სტანდარტული წესდების ქაღალდის ან ელექტრონული ვერსიის სააგენტოში წარდგენა არ მოითხოვება. ხოლო, არასტანდარტული წესდების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული წესდების მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა სავალდებულოა.
  • სადამფუძნებლო შეთანხმებაში კანონმდებლობით დადგენილ მონაცემებთან ერთად, ელექტრონული პორტალის შექმნის მიზნით, მითითებულ უნდა იქნას პორტალის მართვაზე უფლებამოსილი ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და აღნიშნული პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი);
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი თითოეული პირის თანხმობა ასეთი ფუნქციის შესრულებაზე (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენა არ არის სავალდებულო თუ ნება გამოხატულია სადამფუძნებლო შეთანხმებაში);

 სუბიექტის იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობა ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების იურიდიულ მისამართად არ არის განსაზღვრული დაინტერესებული პირის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის ან რეგისტრაციის მისამართი).

  • საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    სააგენტოსთვის დაინტერესებული პირის წარმომადგენლის (მინდობილი პირის) მიერ მიმართვის შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნას:

    • წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა ან სხვა);
    • სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა ან სხვა);

       მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

      • სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, შესაძლოა დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
      • საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირის შემთხვევაში სუბიექტის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში რეგისტრირებული სუბიექტისთვის დადგენილ ეკვივალენტურ მონაცემებს, რომლებიც გამოიყენება საქართველოში სანოტარო მოქმედებების შესრულების დროს პირის იდენტიფიკაციისთვის.
      • იმ შემთხვევაში თუ პარტნიორი/დამფუძნებელი პირი არასრულწლოვანია, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლების (მშობლები, მეურვე, მზრუნველი..) თანხმობით, ხოლო არასრულწლოვანის ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად დანიშვნის შემთხვევაში დამატებით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობით.
      • სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.
      • განცხადება და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა რეგისტრაციისა და ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შესაძლებელია სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლში, სხვა ავტორიზებულ პირთან პირადად ან ელექტრონულად (ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge-ს მეშვეობით).

მეწარმის საფირმო სახელწოდება არის სახელი, რომლითაც მეწარმე ახორციელებს საქმიანობას და რომელიც ასეთად რეგისტრირებულია რეესტრში.

საფირმო სახელწოდება უნდა განისაზღვროს ქართულ ენაზე.

ინგლისურ ენოვანი ამონაწერის მომზადების მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის მიერ, შესაძლებელია საფირმო სახელწოდება, ასევე, განისაზღვროს ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენოვანი სახელწოდება უნდა იყოს ქართულ ენოვანი სახელწოდების შესაბამისი.

საფირმო სახელწოდებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის სახელი ან/და გვარი. შესაძლებელია, საფირმო სახელწოდება შეირჩეს სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის საგნის მიხედვით ან იყოს ფანტაზიის ნაყოფი.

მეწარმის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საფირმო სახელწოდება უნდა განსხვავდებოდეს უკვე რეგისტრირებული მეწარმის საფირმო სახელწოდებისგან. მეწარმის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცვალოს ან მას უნდა დაერთოს დამატება, თუ ეს საჭიროა ამ სახელწოდების სხვა მეწარმის საფირმო სახელწოდებისგან განსხვავებლად.