მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი წარმოადგენს მონაცემთა ერთობლიობას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები.

 

 

 

რეგისტრაცია ნიშნავს სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად, რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან.

რეგისტრაცია გულისხმობს სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

 

სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება ხორციელდება სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე, თუ წესდებით ან ამ ცვლილების რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი გარიგებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული პირის მიმართვის გარდა, საწარმოს პარტნიორის მიერ წილის გასხვისების შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე წილის გამსხვისებელი პარტნიორის ან შემძენის მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მემკვიდრეობის შემთხვევაში − მემკვიდრის/მემკვიდრეების მოთხოვნის საფუძველზე. ასევე, საზოგადოების ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ცვლილების მოთხოვნით განცხადება შეიძლება წარმოდგენილ იქნას ნებისმიერი პარტნიორის მიერ. რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში პარტნიორის წილობრივი მონაწილეობის ცვლილება, აგრეთვე წილის მმართველის რეგისტრაცია/ცვლილება შეიძლება განხორციელდეს ასევე შესაბამისი პარტნიორის მიმართვის საფუძველზე.

სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მიზნით უფლებამოსილი პირის მიერ წარემოსადგენია:

  • განცხადება;
  • უფლებამოსილი პირის იურიდიული ძალის მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების თაობაზე;
  • კონსოლიდირებული სადამფუძნებლო შეთანხმება;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დაინტერესებული პირის წარმომადგენლის (მინდობილი პირის) მიერ მიმართვის შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნას:

  • წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა ან სხვა);
  • სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა ან სხვა);

 

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.