მეწარმედ მიიჩნევა ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საწარმო.

საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზებული სისტემა. სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი,დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა.

სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების ფორმით. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი სამეწარმეო საზოგადოებაა.

სამეწარმეო საზოგადოება არის იურიდიული პირი.

სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, საარბიტრაჟო, სამედიატორო, სანოტარო, აუდიტორული ან საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა, აგრეთვე ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს და არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის
შესახებ მონაცემები.

 

რეგისტრაცია ნიშნავს სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად, რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან.

რეგისტრაცია გულისხმობს სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

სამეწარმეო საზოგადოების დაშლის საფუძვლებია:

ა) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ;

ბ) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა სავალდებულო რაოდენობასთან დაკავშირებით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა;

გ) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ;

ე) წესდებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

სამეწარმეო საზოგადოების დაშლის რეგისტრაცია იწვევს სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას.

 

ლიკვიდატორებმა მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე ან თავიანთ ვებგვერდზე განცხადების გამოქვეყნებით დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ კრედიტორებს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ და უნდა მოიწვიონ ისინი მოთხოვნების განსაცხადებლად.

სამეწარმეო საზოგადოების დაშლის რეგისტრაციის მიზნით უფლებამოსილი პირის მიერ წარმოსადგენია:

  • განცხადება;
  • უფლებამოსილი პირის იურიდიული ძალის მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პარტნიორთა გადაწყვეტილება;
  • ლიკვიდატორის დანიშვნის და უფლებამოსილების შესახებ დოკუმენტი;
  • ლიკვიდატორის ხელმოწერის ნიმუში;
  • ლიკვიდატორის თანხმობა (იმ შემთხვევაში თუ ლიკვიდატორი ხელმძღვანელი პირი არ არის);
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

დაინტერესებული პირის წარმომადგენლის (მინდობილი პირის) მიერ მიმართვის შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნას:

 

  • წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა ან სხვა);
  • სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა ან სხვა);
  • სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, შესაძლოა დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
  • სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება ხორციელდება სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე, თუ წესდებით ან ამ ცვლილების რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი გარიგებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
  • საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირის შემთხვევაში სუბიექტის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში რეგისტრირებული სუბიექტისთვის დადგენილ ეკვივალენტურ მონაცემებს, რომლებიც გამოიყენება საქართველოში სანოტარო მოქმედებების შესრულების დროს პირის იდენტიფიკაციისთვის.
  • სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში, კოოპერატივში სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, ხოლო სხვა შემთხვევაში მას ყველა პარტნიორი ერთხმად იღებს.
  • იმ საწარმოს დაშლის წესს, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ხოლო იმ საწარმოს დაშლის წესს, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, − აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი მინისტრი.
  • განცხადება და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა რეგისტრაციისა და ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შესაძლებელია სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლებში, სხვა ავტორიზებულ პირებთან პირადად ან ელექტრონულად (ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge-ს მეშვეობით).