მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი წარმოადგენს მონაცემთა ერთობლიობას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები.

რეგისტრაცია გულისხმობს სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

მეწარმედ მიიჩნევა ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საწარმო.

საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზებული სისტემა. სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი,დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა.

სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების ფორმით. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი სამეწარმეო საზოგადოებაა.

სამეწარმეო საზოგადოება არის იურიდიული პირი.

სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, საარბიტრაჟო, სამედიატორო, სანოტარო, აუდიტორული ან საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა, აგრეთვე ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

უცხო ქვეყნის მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  ფილიალის რეგისტრაციისთვის მიმართეთ ნებისმიერ იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:                                      

  • განცხადება;
  • უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის, აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
  • ფილიალის საფირმო სახელწოდებას, რომელიც შედგება დამფუძნებელი სუბიექტის საფირმო სახელწოდებისა და დამატებისგან „ფილიალი“ ან „დამფუძნებელი სუბიექტის საფირმო სახელწოდებისგან განსხვავებული საფირმო სახელწოდება“
  • ფილიალის იურიდიულ მისამართს (საქართველოს ტერიტორიაზე);
  • ფილიალის ხელმძღვანელის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მოცულობას. თუ ფილიალს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე რამდენიმე პირი ჰყავს, მითითებული უნდა იყოს, ისინი ფილიალს ერთად წარმოადგენენ თუ ცალ-ცალკე;
  • დამფუძნებელი სუბიექტის, აგრეთვე ფილიალის საქმიანობის საგანს. მისი მითითებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები საწარმოს საქმიანობის საგნის წესდებით განსაზღვრის შესახებ;
  • დამფუძნებელი სუბიექტის საფირმო სახელწოდებასა და იურიდიულ მისამართს;
  • დამფუძნებელი სუბიექტის საქმიანობის ძირითად ადგილს;
  • დამფუძნებელი სუბიექტის სამართლებრივ ფორმას და იმ ქვეყანას, რომლის კანონმდებლობაც ვრცელდება მეწარმის რეგისტრაციაზე;
  • უცხო ქვეყნის იმ ორგანოს დასახელებას, რომლის მიერაც რეგისტრირებულია დამფუძნებელი სუბიექტი, და რეგისტრაციის ნომერს, თუ ამ ქვეყნის კანონმდებლობით რეგისტრაცია სავალდებულოა ან სავალდებულო არ არის, თუმცა მეწარმე რეგისტრირებულია;
  • არსებობის შემთხვევაში − ფილიალის რეგისტრაციის მომენტისთვის დამფუძნებელი სუბიექტის განთავსებული კაპიტალის ოდენობას.
  • უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სუბიექტის (მის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირის/ორგანოს) გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების შესახებ, რომელიც შედგენილი და დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის ან არასამეწარმეო იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის ან არასამეწარმეო იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტები და წესდება;
  • დოკუმენტი, რომლითაც დგინდება უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის ან არასამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა და საიდენტიფიკაციო მონაცემები, აგრეთვე ინფორმაცია მისი თანამდებობაზე დანიშვნისა და უფლებამოსილების ვადის ამოწურვის თაობაზე. ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მითითებას იმის თაობაზე, პირი ფილიალს წარმოადგენს, როგორც სამეწარმეო საზოგადოების ორგანოს წევრი თუ როგორც ფილიალის საქმიანობასთან დაკავშირებით სამეწარმეო საზოგადოების მუდმივი წარმომადგენელი;
  • ფილიალის ხელმძღვანელად/წარმომადგენლად დასანიშნი პირის თანხმობა;
  • უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ან უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი;
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი);
  • საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

უცხო ქვეყნის მეწარმის ან არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაინტერესებული პირის მიერ წარედგინება:

 

  • განცხადება;
  • უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სუბიექტის (მის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირის/ორგანოს) გადაწყვეტილება ფილიალის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების თაობაზე, რომელიც შედგენილი და დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ფილიალის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირის/ორგანოს უფლებამოსილების დამადასტურებელი სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია;
  • სხვა დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებისთვის (მაგ. იურიდიული მისამართის ცვლილების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას უძრავი ნივთის მესაკუთრის თახმობა, ხელმძღვანელი პირის ცვლილების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმძღვანელი პირის ნების დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა);
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი);
  • საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

სააგენტოსთვის დაინტერესებული პირის წარმომადგენლის (მინდობილი პირის) მიერ მიმართვის შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნას:

  • წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა ან სხვა);
  • სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა ან სხვა);