ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია არის ნებაყოფლობითი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა, კერძოდ:

სავალდებულო სარეგისტრაციო საქმიანობის კატეორიაში შედის:

  • სურსათის /ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას;
  • ,,შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან;
  • ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების საქმიანობა, სადაც ხორციელდება ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები, მაგალითად: სილამაზის სალონში განსახორციელებელი სხვადასხვა პროცედურები;
  • ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილებით დამტკიცებული მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოები.

 

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს:

 

  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს);
  • უფლებამოსილი პირის განცხადება ეკონომიკური საქმიანობის   რეგისტრაციის შესახებ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ინფორმაცია. (ინფორმაცია ივსება ელექტრონულად საბუთების მიმღები ოპერატორის მიერ.).

 

ინფორმაციაში უნდა მიეთითოს სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი საქმიანობის კონკრეტული სახე და მონაცემები სუბიექტის საქმიანობის ადგილის/მისამართის შესახებ.

თუმცა დაინტერესებულ პირს თავად შეუძლია წარმოადგინოს მის მიერ ელექტრონული ფორმით წინასწარ მომზადებული და შევსებული ეროვნული კლასიფიკატორი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მითითებით.

ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება 1 (ერთი) წლით რეგისტრაციის მომენტიდან.

ვადის გასვლა იწვევს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობას, თუ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა მოთხოვნა წარდგენილი რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ.

სუბიექტის საქმიანობის მისამართის შესახებ ინფორმაცია ნიშნავს ეკონომიკური საქმიანობის ადგილის მითითებას, სადაც ხორციელდება  საქმიანობის კონკრეტული სახე, შესაძლოა იყოს ერთი ან რამდენიმე.

 იმ შემთხვევაში, თუ ერთი სუბიექტის  მიერ ხორციელდება საქმიანობა რამდენიმე სხვა და სხვა საქმიანობის ადგილზე, განცხადებაში მითითებული უნდა იქნას თითოეული საქმიანობის სახე საქმიანობის ადგილის/მისამართის მიხედვით.

მაგალითად: თუ მეწარმე სუბიექტი საქმიანობას ახორციელებს 5(ხუთ) სხვა და სხვა ადგილზე, სავალდებულოა ხუთივე ადგილის/მისამართის მითითება.

 

თუ სარეგისტრაციო განაცხადში არ არის მითითებული ეკონომიკური საქმიანობის  ადგილი (მისამართი), სადაც ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობის  კონკრეტული სახე, მიიჩნევა,  რომ განცხადებაში აღნიშნული საქმიანობის სახე ხორციელდება სუბიექტის იურიდიულ მისამართზე. 

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელების დროს წარმოებს მომსახურების შემდეგი ვადები და საფასურები:

  • რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია - 2 სამუშაო დღის ვადაში 39 ლარი;
  • რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია - იმავე დღეს 78 ლარი
  • ამონაწერის მომზადება - 1 სამუშაო დღის ვადაში 20 ლარი (მოთხოვნა ინტერნეტით 13 ლარი);
  • ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადება - 26 ლარი. (აღნიშნული საფასური ემატება იმ მომსახურების საფასურს, რომელთან ერთადაც მოთხოვნილია ინგლისურენოვანი ამონაწერის მომზადება).