მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს და არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის
შესახებ მონაცემები

 

რეგისტრაცია ნიშნავს სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად, რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან.

რეგისტრაცია გულისხმობს სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ წარმოსადგენია:

  • განცხადება;
  • ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სადამფუძნებლო შეთანხმება, რომელშიც კანონმდებლობით დადგენილ მონაცემებთან ერთად, ელექტრონული პორტალის შექმნის მიზნით, მითითებულ უნდა იქნას პორტალის მართვაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და აღნიშნული პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ჰქონდეს რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზედაც/რომლებზედაც შესაძლებელია ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა. ელექტრონული შეტყობინების რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნა ამ შეტყობინების შესაბამისი პირისთვის ჩაბარებად მიიჩნევა.
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი თითოეული პირის თანხმობა ასეთი უფლებამოსილების შესრულებაზე (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენა არ არის სავალდებულო თუ ნება გამოხატულია სადამფუძნებლო შეთანხმებაში);
  • სუბიექტის იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობა ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების იურიდიულ მისამართად არ არის განსაზღვრული დაინტერესებული პირის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის ან რეგისტრაციის მისამართი).
  • საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დაინტერესებული პირის წარმომადგენლის (მინდობილი პირის) მიერ მიმართვის შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნას:

 

  • წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა ან სხვა);
  • სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა ან სხვა);