დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭებისთვის უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

  • დადგენილი ფორმის განცხადება;
  • ვინაობის/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის/ ბინადრობის მოწმობა, პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი).
  • დაბადების მოწმობა (თუ არ მოიპოვება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში);
  •  ფოტოსურათი;
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი სპეციალური წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის გაივლის ტესტირებას დადგენილ ფარგლებში  საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის, სამართლის ძირითადი საფუძვლების შესამოწმებლად.  

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.