მარტოხელა დედის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე იმ პირს, რომლის ბავშვის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში თუ:
ა) ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის მონაცემები ან მონაცემების მითითება მოხდა დედის განცხადებით (ბავშვის მამის სახელი განისაზღვრა დედის განცხადებით და მამის გვარად განისაზღვრა დედის გვარი);
ბ) მშვილებელი ქალი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფება ქორწინებაში. სტატუსის დადგენის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოდგენს ბავშვის დაბადების აქტში მამის მონაცემების არსებობა, აგრეთვე მშვილებელი ჩაწერილია თუ არა მშობლად.
მარტოხელა მამის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს/საქართველოში მოქალაქეობის არმქონე იმ პირს, რომლის ბავშვის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, თუ:
ა) ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის დედის მონაცემები;
ბ) მშვილებელი კაცი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფება ქორწინებაში. სტატუსის დადგენის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოდგენს ბავშვის დაბადების აქტში დედის მონაცემების არსებობა, აგრეთვე მშვილებელი ჩაწერილია თუ არა მშობლად.