საქართველოში ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაციას, სამედიცინო დაწესებულება, ელექტრონული შეტყობინებით, თავად აწვდის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც ახორციელებს დაბადების ფაქტის რეგისტრაციას. შესაბამისად, მშობელს დაბადების მოწმობის მისაღებად მხოლოდ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში მისვლა სჭირდება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ ან სხვა სახელმწიფოში, ბავშვის დაბადების შესახებ მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის მოთხოვნით შეუძლია მიმართოს ასევე ბავშვის მშობელმა.
თუ პირი, რომლის დაბადებაც არ არის რეგისტრირებული, იმყოფოება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ ან სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების აღსაზრდელია, მარეგისტრირებელ ორგანოს დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნით შეუძლია მიმართოს აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ.