პირს  შეუძლია   შეიცვალოს  გვარი და მიიღოს:

  • შობელთა შეერთებული გვარი;
  • პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი (მეოთხე თაობის ჩათვლით);
  • საკუთარი გვარისა და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი;
  • ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;
  • მშვილებლის გვარი;
  • ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი;
  • სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული გვარი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაბადების აქტი რეგისტრირებულია საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა.

 ასევე,  დაინტერესებულ პირს შეუძლია:

  • აღიდგინოს  ისტორიული გვარი;
  • მოახდინოს მისი გვარის კანონიერად აღიარება;
  • დაიდგინოს გვარი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ!!!

 გვარის შეცვლის გარკვეული საფუძვლების შემთხვევაში სრულწლოვან პირს შეუძლია გვარი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ.

პირებზე , რომლებმაც 2017 წლის 28 მარტის შემდგომ შეიცვალეს გვარი, ვრცელდება ახალი კანონით დადგენილი გვარის შეცვლის რაოდენობრივი შეზღუდვა, შესაბამისი საფუძვლით გვარის შეცვლის მოთხოვნის შემთხვევაში.

 

 

სახელის ან/და გვარის  შეცვლის   თაობაზე   შეუძლია   მოგვმართოს:

  • სრულწლოვანმა პირმა;
  • 16 წლამდე არასრულწლოვანის კანონიერმა წარმომადგენელმა;
  • 16 წელს მიღწეული პირი  ვალდებულია  სახელის ან/და გვარის შეცვლის; გვარის დადგენის; გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნით პირადად მიმართოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას; 
  • შესაბამისი წარმომადგენლობის უფლების მქონე (მინდობილმა) პირმა, თუ დაინტერესებულ პირს არ შეუძლია გადაადგილება მძიმე ავადმყოფობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით.

 

გაითვალისწინეთ!

გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადება განუხილველად იქნება დატოვებული, თუ, შეტყობინების მიღების მიუხედავად, დაინტერესებული პირი არ გამოცხადდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში ზეპირ მოსმენაში მონაწილეობისათვის.

 სახელის ან/და გვარის შეცვლისთვის  წარმოადგინეთ  შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება სახელის ან/და გვარის შეცვლის თაობაზე;
  • პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
  • დაბადების მოწმობა;
  • ქორწინების მოწმობა (ქორწინებაში ყოფნის შემთხვევაში);
  • არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები (თუ არასრულწლოვანი შვილები გყავთ);
  • მშობელთა წერილობითი თანხმობა (თუ 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი ხართ);
  • მეორე მშობლის თანხმობა, თუ სახელს ან/და გვარს იცვლის 16 წლამდე არასრულწლოვანი
  • არასრულწლოვნის თანხმობა, თუ სახელს ან/და გვარს იცვლის 10 წლის ასაკს მიღწეული პირი
  • გვარის შეცვლის  საფუძვლის  დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

იმ შემთხვევაში, თუ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება მინდობილი პირის დახმარებით, დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტებია:

  • მინდობილობა (დამოწმებული სათანადო წესით)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ცნობა რომლითაც დასტურდება, რომ დაინტერესებულ პირს მძიმე ავადმყოფობის ან ფიზიკური მდგომარეობის  გამო არ შეუძლია გადაადგილება.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

პირის სახელის ან/და გვარის შეცვლა, გვარის დადგენა, გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობის შემთხვევაში:

  • თუ ეს პირი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ.
  • განხორციელდა დაინტერესებული პირის დეპორტაცია ან რეადმისია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან 5 წელი არ გასულა;
  • დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, ამ გარემოების აღმოფხვრამდე.
  • 16 წელს მიღწეული პირის განცხადება სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის დაინტერესებულ პირს უშუალოდ არ წარუდგენია და მასზე არ ვრცელდება კანონით დადგენილი შეღავათი;