იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების უმრავლესობაა მოქცეული.

იუსტიციის სახლი მოქალაქეებს აწვდის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების, სხვადასხვა საჯარო უწყებებისა და კერძო სექტორის 470-ზე მეტ  სერვისს.

იუსტიციის სახლის მიზანია:

  • მომხმარებლისათვის, ერთი ფანჯრის პრინციპით, სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება;
  • სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა;
  • მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზება.

იუსტიციის სახლი სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმით მნიშვნელოვნად ამარტივებს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას და მოქალაქეების ურთიერთობას საჯარო სექტორთან.

იუსტიციის სახლის მომსახურებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 117  ფილიალში,  ყოველდღიურად 20 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, მათ შორის, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. იუსტიციის სახლის მომხმარებელს  საშუალება აქვს, ერთ სივრცეში მიიღოს 470-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი. მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, იუსტიციის სახლი მუდმივად გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა - როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის სერვისების დამატებას, რათა მომხმარებლებმა ერთ სივრცეში, რაც შეიძლება მეტი სერვისის მიღება შეძლონ.

იუსტიციის სახლი მომსახურების მიმწოდებელი ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების სტანდარტი დაინერგა. საგანგებოდ შემუშავდა სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელითაც იუსტიციის სახლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების სტანდარტი იმართება. სპეციალურად იუსტიციის სახლის სერვისებზე წვდომისათვის,  ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის შეიქმნა ახალი ჟესტები 400 ტერმინისათვის.  ჟესტური ენა შეისწავლა თბილისის იუსტიციის სახლის 20-მა თანამშრომელმა. ისინი ყრუ პირებს უკვე თარჯიმნის გარეშე ემსახურებიან, რამაც სერვისებზე წვდომა მნიშვნელოვნად გაამარტივა.

იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალი ადაპტირებულია მცირემხედველი და უსინათლო პირებისთვის. შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებულია ტაქტილური ბილიკები, მიმართულების მანიშნებელი სადგამები ბრაილის წარწერებით, სანავიგაციო ტაქტილური რუკები,  ოთახის მანიშნებლები ბრაილის წარწერებით, მანიშნებლები შენობაში არსებულ კიბეებსა და მინებზე. ადაპტირდა იუსტიციის სახლის ვებ-გვერდი.

იუსტიციის სახლი საზოგადოებაში მაღალი ცნობადობით და რეპუტაციით სარგებლობს, რასაც მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევებიც ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა მიერ იუსტიციის სახლის შეფასება წლიდან წლამდე უმჯობესდება.

იუსტიციის სახლში მისულ  მომხმარებელს  შესასვლელთან ხვდება კონსულტანტი, რომელიც მისთვის საინტერესო საკითხის შესახებ აკვალიანებს.

მომსახურების დარბაზი 3 ძირითად ნაწილადაა დაყოფილი:

  • თვითმომსახურების სივრცე;
  • სწრაფი მომსახურების სივრცე;
  • ხანგრძლივი მომსახურების სივრცე.

 

თვითმომსახურების სივრცე

თვითმომსახურების  სივრცეში განთავსებულია ავტომატიზებული სისტემები. მათი საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს სხვადასხვა მომსახურება: გადაიღოს ბიომეტრული ფოტო, გაანაღდოს თანხა ბანკომატიდან, დისტანციურად განახორციელოს გადახდები და ა.შ.

 

სწრაფი მომსახურების სივრცე

სწრაფი მომსახურების  სივრცე მოიცავს იმ სერვისებს, რომელთა მიღება მომხმარებელს 5 წუთამდე დროში შეუძლია. მაგალითად, სწრაფი მომსახურების სივრცეში გაიცემა მზა პასპორტი, პირადობის მოწმობა, აპოსტილით ან/და ლეგალიზაციით დამოწმებული დოკუმენტი, სარეგისტრაციო გადაწყვეტილება თუ ამონაწერი უძრავი ქონებისა და ბიზნესის მიმართულებით და ა.შ.

 

ხანგრძლივი მომსახურების სივრცე

ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში მომხმარებელს იმ სერვისების მიღება შეუძლია, რომლის განხორციელების დროც 5 წუთს აღემატება. ასეთებია: პირადობის ახალ მოწმობასა და პასპორტზე განაცხადის გაკეთება, ქონებისა თუ ბიზნესის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების ჩაბარება, არქივიდან ბიოგრაფიული ხასიათის ცნობის გამოთხოვა, ასევე სხვა მრავალი სერვისებით სარგებლობა.

 

იუსტიციის სახლის მომსახურების სივრცის დაყოფა ზემოთ მოცემული პრინციპის მიხედვით, მინიმუმამდე ამცირებს  ხანგრძლივი რიგის წარმოქმნის ალბათობას და ლოდინის პერიოდს, ხოლო მოქალაქეთა გადაადგილებას უფრო ორგანიზებულს და მოწესრიგებულს ხდის. მომსახურების სივრცეში სერვისის მიღების მსურველთა თანმიმდევრობას  სპეციალურად ინტეგრირებული რიგის მართვის ელექტრონული სისტემა არეგულირებს. დარბაზში განთავსებული საინფორმაციო მანიშნებელი აბრები კი დამატებითი უპირატესობაა, რომელიც მეტად ამარტივებს მომხმარებელთა გადაადგილებას შენობის შიგნით.

იუსტიციის სახლის 470-ზე მეტი სერვისი ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 117 ფილიალში. ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს ფილიალების რაოდენობის ზრდაზე, მას ყოველწლიურად ემატება ახალი ფილიალები საქართველოს სხავდასხვა ქალაქში.

იუსტიციის სახლს დღეში საშუალოდ 20 000-მდე მომხმარებელი სტუმრობს.მომხმარებელთა ნაკადების ინტენსივობის მიუხედავად, იუსტიციის სახლში ლოდინის ხანგრძლივობის წლიური საშუალო მაჩვენებელია - 7 წუთი, ხოლო მომსახურების საშუალო დრო - 7 წუთი.

იუსტიციის სახლის ყველაზე მოთხოვნადი სერვისების ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  1. პირადობის ელექტრონული მოწმობა;
  2. პასპორტი;
  3. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია;
  4. დაბადების რეგისტრაცია;
  5. ბიზნესის რეგისტრაცია ;

იუსტიციის სახლი მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინების მიზნით, ყოველწლიურად ატარებს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევას. აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგები ყოველთვის  წარმატებულია და წლიდან-წლამდე უმჯობესდება.

ACT-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულ მომხმარებელთა 94% იუსტიციის სახლს სტაბილურად მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად აფასებს, 96% კი - სასარგებლო, ორგანიზებულ, თანამედროვე/პროგრესულ, აქტიურ -კომუნიკაბელურ, წარმატებულ ორგანიზაციად. ამავე კვლევის თანახმად, მომხმარებლებისთვის იუსტიციის სახლი აღიქმება, როგორც მეგობრული, თბილი, სანდო, საიმედო, კომპეტენტური და პროფესიონალი.