სსიპ იუსტიციის სახლი - ეს არის შენობა, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია სახელმწიფო სერვისების დიდი უმრავლესობა. მისი მიზანი იმ დოკუმენტების გაცემა და მომსახურებების განხორციელებაა, რომელზეც ექსკლუზიური უფლება მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია. შეუძლებელია, ისეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი დოკუმენტები, როგორებიცაა დაბადებისა და პირადობის მოწმობა, პასპორტი თუ ქორწინების მოწმობა, სახელმწიფოს გარდა სხვა რომელიმე მხარისაგან მივიღოთ. შესაბამისად, სახელმწიფოს  აქვს ვალდებულება სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმით მნიშვნელოვნად გაამარტივოს მოქალაქეების ურთიერთობა საჯარო სექტორთან.

იუსტიციის სახლის ჩამოყალიბებამდე, სახელმწიფო სტრუქტურებსა და მათ ფუნქციონირებაზე   რიგითი მოქალაქე ფიქრობდა, როგორც უზარმაზარ ბიუროკრატიულ აპარატზე, რომლის ფუნქციონირება სხვადასხვა უწყებების მოქმედებაზე იყო დამოკიდებული, მათი კოორდინირებული მუშაობა კი ძალიან რთულდებოდა. მოქალაქეს, რომელსაც სურდა პირადობის მოწმობის, პასპორტის, დაბადების თუ ქორწინების მოწმობის მიღება, უძრავი ქონების ან ბიზნესის რეგისტრაცია, უწევდა სხვადასხვა უწყებაში მისვლა შესაბამისი მომსახურების მისაღებად.

2005 წელს გაჩნდა იდეა - „ერთი სარკმლის პრინციპი", რაც გულისხმობდა ერთი რომელიმე უწყების მიერ გაცემული ცნობის მიღებას ერთ ოპერატორთან, ერთ ადგილას.

ერთი სარკმლის პრინციპი მნიშვნელოვნად ამარტივებდა სახელმწიფო სერვისების მიღებას, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული და ინოვაციური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდა საბოლოო შედეგის სწრაფად მისაღებად...

შესაბამისად, გაჩნდა იდეა, გაერთიანებულიყო „ერთი ფანჯრის" პრინციპით მომუშავე ყველა სტრუქტურა ერთ შენობაში, ერთ სივრცეში, ეს სივრცე კი უნდა ყოფილიყო ყველა მოქალაქის სახლი, იუსტიციის სახლი...

იდეის გაჩენისთანავე დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო იუსტიციის სახლი, რომ მრავალი სერვისის გაერთიანების მიუხედავად, მუშაობის პროცესს სისწრაფე და ეფექტურობა არ დაეკარგა, არ გამხდარიყო ახალი ბიუროკრატიის გაჩენის მიზეზი. ამისათვის ის უნდა დაფუძნებულიყო ბიზნესის წარმოების ლოგიკაზე და მომხმარებელთა მაქსიმალურ კმაყოფილებაზე ყოფილიყო ორიენტირებული.

იუსტიციის სახლს რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უნდა დაეკმაყოფილებინა, მათ შორის, მოეცვა სახელმწიფო სერვისების მაქსიმალური რაოდენობა, მოკლე დროში გახსნილიყო საქართველოს დიდ ქალაქებში, მომსახურება სწრაფი და კომფორტული ყოფილიყო, ხოლო მნიშვნელოვნად შემცირებული  ლოდინის დრო მომხმარებლისთვის შეუმჩნევლად გასულიყო.

სულ მცირე დროში, იუსტიციის სახლმა ყველა პირობა დააკმაყოფილა. ერთ სივრცეში გაერთიანდა 400-მდე  მომსახურება, სულ გაიხსნა 19 იუსტიციის სახლი

რაც შეეხება გარემოს, იგი მხოლოდ სიმარტივესა და კომფორტზეა მიმართული. ამის მისაღწევად იუსტიციის სახლის სივრცე 3 სხვადასხვა სივრცედ დაიყო, რათა ლოდინის დრო მაქსიმალურად შემცირებულიყო, ხოლო მოქალაქეთა ნაკადის მართვა გამარტივებულიყო.

სულ უფრო მეტი სერვისის დანერგვამ, უკეთესი გარემოს შექმნამ, პერსონალის ზრდადმა პროფესიონალიზმმა, ტექნოლოგიური პროგრესის ათვისებამ და მისმა დანერგვამ, იუსტიციის სახლის იდეას წარმატება მოუტანა.

იუსტიციის სახლში მისულ  მომხმარებელს  შესასვლელთან სივრცის კონსულტანტები  ეგებებიან, რომლებიც   მას მისთვის საინტერესო  საკითხის შესახებ აკვალიანებენ და შესაბამის ოპერატორთან ამისამართებენ.

მომსახურების დარბაზი 3 ძირითად ნაწილადაა დაყოფილი:

  • თვითმომსახურების სივრცე;
  • სწრაფი მომსახურების სივრცე;
  • ხანგრძლივი მომსახურების სივრცე. 

თვითმომსახურების სივრცე

თვითმომსახურების  სივრცეში მოთავსებულია ავტომატიზირებული სისტემები. მათი საშუალებით მომხმარებელს შეუძლია,  დამოუკიდებლად მიიღოს სხვადასხვა მომსახურება, როგორიცაა ქონების ან  ბიზნესის შესახებ ამონაწერი,  ბიომეტრული ფოტო პასპორტისთვის, თანხის განაღდება ბანკომატიდან, დისტანციური გადახდების წარმოება და ა.შ.

სწრაფი მომსახურების სივრცე

სწრაფი მომსახურების  სივრცეში მომხმარებელს შეუძლია ყველა იმ სერვისის მიღება, რომლის ხანგრძლივობა საშუალოდ  5 წუთს არ აღემატება. მაგალითად, აქ გაიცემა მზა პასპორტი, პირადობის მოწმობა, აპოსტილით ან ლეგალიზაციის გზით დამოწმებული დოკუმენტი, სარეგისტრაციო გადაწყვეტილება თუ ამონაწერი უძრავ ქონებასა თუ ბიზნესში და ა.შ.

ხანგრძლივი მომსახურების სივრცე

ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში მომხმარებელს შეუძლია  იმ სერვისის მიღება, რომლის განხორციელებაც 5 წუთზე მეტ დროს მოითხოვს. ასეთებია პასპორტზე განაცხადის ჩაბარება, ქონებისა თუ ბიზნესის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების ჩაბარება, არქივიდან ბიოგრაფიული ხასიათის ცნობის მიღება და სხვა ნებისმიერ სერვისზე განაცხადის ჩაბარება.

მომსახურების სივრცის მსგავსი დაყოფა მინიმუმამდე ამცირებს  ხანგრძლივი  და ქაოტური რიგის წარმოქმნის საშიშროებას, მოქალაქეთა გადაადგილებას უფრო ორგანიზებულს და მოწესრიგებულს ხდის, ხოლო სერვისის მიღების მსურველთა თანმიმდევრობას  კი სპეციალურად ინტეგრირებული რიგის მართვის ელექტრონულ სისტემა აწესრიგებს.

დარბაზში  განთავსებული საინფორმაციო-სარეკლამო ბანერები და მანიშნებლები კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობაა, რომელიც მაქსიმალურად ამარტივებს მომხმარებელთა გადაადგილებას შენობის შიგნით.

ახალი ქართული ბრენდის იუსტიციის სახლის 19 ფილიალი: ბათუმში, რუსთავში, მესტიაში, ქუთაისში, ოზურგეთში, გურჯაანში, ყვარელში, თელავში, მარნეულში, გორში, ახალციხეში, ფოთში, თიანეთში, ყაზბეგში, ზუგდიდში, ბორჯომში, ონში, ლაგოდეხსა და თბილისში შექმნის დღიდან დღემდე მოქალაქეებს 400-მდე სახის სერვისს სთავაზობს და დღეში 20 000-მდე  მომხმარებელს ემსახურება.

იუსტიციის სახლებში სხვადასხვა მომსახურებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საინტერესო მონაცემებია:

ლოდინის საშუალო პერიოდი:

  • 5 წუთი;

მომსახურების საშუალო პერიოდი:

  • 6-7 წუთი

ყველაზე მოთხოვნადი სერვისები (TOP ხუთეული):

  1. პირადობის ელექტრონული მოწმობა;
  2. ქორწინების რეგისტრაცია;
  3. პასპორტი;
  4. დაბადების რეგისტრაცია;
  5. საკუთრების რეგისტრაცია.

მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევები გვიჩვენებს, რომ იუსტიციის სახლების გახსნის შემდეგ კმაყოფილების მაჩვენებელი ერთბაშად 10%-დან 92%-მდე გაიზარდა. „სრულიად თავისუფალი და სამართლიანი", „სწრაფი და ხელმისაწვდომი", „გამჭვირვალე და მაღალი დონის მომსახურება", „კეთილგანწყობილი და სასიამოვნო თანამშრომლები" - ასე ახასიათებენ კმაყოფილი მომხმარებლები იუსტიციის სახლის მომსახურებას.

იუსტიციის სახლი 2011 წლის საქართველოს ყველაზე წარმატებულ რეფორმად აღიარეს. ბოლო წლებში საქართველო მსოფლიო ბანკის (World Bank), ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) და საერთაშორისო გამჭვირვალობის (TI) რეიტინგების წამყვან ადგილებზე მოხვდა. მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების მიხედვით, საქართველომ  შემდეგი ადგილები დაიკავა: