სააღსრულებლო ფურცლის წარდგენისას, მომსახურების საფასურს გადახდა ხდება წინასწარ, შემდეგი ოდენობით: 

  • აღსასრულებელი მოთხოვნის 2% (მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა) - თუ აღსასრულებელი მოთხოვნა ნაკლებია 50 000 ლარზე;
  • აღსასრულებელი მოთხოვნის 1,5% - თუ აღსასრულებელი მოთხოვნა ტოლია ან აღემატება 50 000 ლარს;
  • აღსასრულებელი მოთხოვნის 1% - თუ აღსასრულებელი მოთხოვნა ტოლია ან აღემატება 100 000 ლარს.

ფიზიკური პირების დავის შემთხვევაში, საფასურის წინასწარ გადახდისგან  თავისუფლდება:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობით;
  • კრედიტორი სასამართლოს გადაწყვეტილებით.

იურიდიული პირების დავის შემთხვევაში, საფასურის წინასწარ გადახდისგან  თავისუფლდება:

  • კრედიტორი სასამართლოს გადაწყვეტილებით.

აღმასრულებელი საქმის წარმოებაში მიღებიდან ხუთი დღის ვადაში უგზავნის მოვალეს წინადადებას გადაწყვეტილების შვიდი დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. აღნიშნული წინადადებით აფრთხილებს მოვალეს მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მოყვეს თანხის გადაუხდელობას.

იმ შემთხვევაში თუ შვიდი დღის ვადაში მოვალის მიერ არ იქნება სრულად შესრულებული მასზე დაკისრებული ვალდებულება, აღმასრულებელი მიმართავს საჯარო რეესტრს, იპოთეკით უზრუნველყოფილი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმების მიზნით. საჯარო რეესტრიდან პასუხის მიღების შემდეგ აღმასრულებელი აღნიშნულ ქონებაზე არეგისტრირებს ყადაღას.

ყადაღის რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში ხდება იპოთეკით უზრუნველყოფილი საგნის შეფასება საბაზრო ღირებულებით აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ.

შეფასების მიღებიდან ერთი თვის ვადაში აღმასრულებელი დადგენილი წესითა და პირობების შესაბამისად ნიშნავს აუქციონს.

აუქციონის ჩატარებამდე არაუგვიანეს შვიდი დღისა აღმასრულებელი უზრუნველყოფს აუქციონის საჯაროდ გამოქვეყნებას.

იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნება.

აუქციონზე ნივთის რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხით ხდება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება.