მიწის ნაკვეთი არის_ სასოფლო-სამეურნეო, ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე;  

2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ , რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. ახალი კანონი უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.

1. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, საკუთარი ინიციატივით, საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიებას.

უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიება ხდება:

  • სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან;
    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ-შემოსავლების სამსახურიდან;
  • შესაბამისი რაიონის თვითმმართველი ერთეულიდან;
  • საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივიდან;
  • სახელმწიფო სერვისების განვითარების ეროვნული სააგენტოდან;

 2. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრის მიერ ვერ ხერხდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენა და წარმოდგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტთან იდენტიფიცირება, მარეგისტრირებელი ორგანო მიმართავს შესაბამისი რაიონის თვითმმართგველ ერთეულს ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით;

 3. თუ ორი ან მეტი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს შორის არსებობს შეუთანხმებლობა ამ მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის დადგენასთან დაკავშირებით. სააგენტო დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს_“მედიაციას“. მედიაციის პროცესს წარმართავენ ან „მედიატორი ნოტარიუსები“, ან „სპეციალური ცოდნის მქონე პირები“. კერძოდ: თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამახურის მთავარი სპეციალისტი; აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი; თვითმმართველი ერთეულის, მუნიციპალიტეტის ან გამგეობის წარმომადგენლები; მედიატორების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე http://napr.gov.ge/p/1467მედიაციის დროს დავის მოგვარების წესი გამარტივებულია და წარმოადგენს სასამართლო წესით დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას.

 

4. სარეგისტრაციო წარმოების დასრულების შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება, საჯარო რეესტრის მომართვიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში.

5. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია წარმოებს მომსახურების გადახდის გარეშე.

 

 

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს პირს, რომელსაც ამ მიწის ნაკვეთზე გააჩნია საკუთრების უფლების ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ან უკვე რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილების რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის, პირადი განცხადების და თავად სააგენტოს მიერ მოპოვებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციი საფიუძველზე.

 საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა:

  • მიღება-ჩაბარების აქტი;
  • კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება;
  • მხარეებს შორის გაფორმებული გარიგება;

 მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა:

  •  1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური;
  • ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება;
  • საკომლო წიგნიდან ამონაწერი;
  • მებაღის წიგნაკი;
  • მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია);

        

სარეგისტრაციო წარმოების დასრულების დაჩქარების მიზნით დაინტერესებულ პირს თავად შეუძლია წარმოადგინოს ზემოდხსენებული უფლების დამდგენი დოკუმენტები.

თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე  საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირსა და მოსარგებლეს შორის დგინდება სათანადო ფორმის დაუცველად (ზეპირად ან წერილობით) დადებული გარიგების არსებობის ფაქტი. მხარეებს შორის ფორმდება წერილობითი შეთანხმება, რომელზეც ხელმოწერების ნამდვილობას ადასტურებს ნოტარიუსი, რაც წარმოებს მომსახურების გადახდის გარეშე.

ამ წესით დადებული წერილობითი შეთანხმება და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი საჯარო რეესტრში მოსარგებლის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.

სანოტარო მედიაცია კერძოსამართლებრივი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებაა, იგი გამოიყენება სახელმწიფო პროექტის მიზნებისათვის, რომელსაც წარმართავს ან სპეციალური ცოდნის მქონე პირი, ან მედიატორი ნოტარიუსი.

სპეციალური ცოდნის მქონე პირი შეიძლება იყოს : იუსტიციის სახლის მენეჯერი; თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი; თვითმმართველი ერთეულის, მუნიციპალიტეტის ან გამგეობის წარმომადგენლები;

მედიატორების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე http://napr.gov.ge/p/1467

 

მხარეთა შორის დავის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს მედიაციას. მხარეებს აცნობს მედიაციისპირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს შეხვედრის დროსა და ადგილს.

შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მხარეთა შორის ფორმდება შეთანხმება მედიაციის თაობაზე, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები და მედიატორი, ხოლო ხელმოწერების ნამდვილობას ადასტურებს მედიატორი ნოტარიუსი, ან სპეციალური ცოდნის მქონე პირი. ასეთი წესით გაფორმებული შეთანხმება წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

 

თუ მედიაციის დანიშვნის შემდეგ ვერ მოგვარდა მხარეთა შორის არსებული დავა, დგება შესაბამისი აქტი და დავის მოგვარება წარმოებს უკვე სასამართლო გზით.

თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი ე.ი. ამ მიწის ნაკვეთზე არ არსებობს უფლების დამდგენი დოკუმენტი, სააგენტო ვალდებულია დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის "თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას" კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად.

დოკუმენტაციის სრულად შესწავლის შემდეგ აღიარებითი კომისია გასცემს „საკუთრების უფლების მოწმობას“ სათანადო წესით დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, რაც მოსარგებლის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია. საკუთრების უფლების მოწმობა გაიცემა მომსახურების გადახდის გარეშე.

თუ აღიარებითი კომისიის მიერ გაცემული „საკუთრების უფლების მოწმობა“ და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი შესრულებულია 2016 წლის 1 სექტემბრამდე, რეგისტრაცია წარმოებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

რეფორმის შედეგად შემუშავდა საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი. ამზომველსა და მოქალაქეს შორის გაიმიჯნა პასუხისმგებლობა. კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე _ ამზომველი.

ამზომველი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც იცავს აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის შესრულების ერთიან სტანდარტს.

ახალი სტანდარტი უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ისე ამზომველების უფლებებს. ამზომველს ეცოდინება, როგორ აზომოს მიწის ნაკვეთი ცდომილების გარეშე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავების წარმოშობის რისკს.

არ არის სავალდებულო, რომ ამზომველი იყოს ლიცენზირებული პირი. მთავარია, რომ იგი იცავდეს აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის შესრულების ერთიან სტანდარტს.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფასურს ამზომველებს "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" უნაზღაურებს. პირობების თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები.

თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 ჰა-ს ფარგლებში.

ანაზღაურების ოდენობა კი შემდეგია:

ა) 1,5 ჰა - მდე მიწაზე - არაუმეტეს ჯამში 80 ლარის ოდენობით;

ბ) 1,5 ჰა-დან 5 ჰა - მდე მიწაზე - არაუმეტეს ჯამში 100 ლარის ოდენობით;

დაინტერესებული პირი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ანაზღაურების მიზნით წარადგენსაზომვითი ნახაზების მომზადების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

  • ამზომველთან გაფორმებულ ხელშეკრულებას;
  • შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს;
  • გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტს.
  • ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება საბუთების მიმღები ოპერატორის მიერ);
  • თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ახალი სტანდარტით შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი და ელ. ვერსია;
  • მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების, ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში;

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების დამდგენი დოკუმენტაციის წარმოდგენის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან მარეგისტრირებელი ორგანო თავად ახდენს სარეგისტრაციოდ საჭირო დოკუმენტაციის მოძიებას.

თუმცა სარეგისტრაციო წარმოების დასრულების დაჩქარების მიზნით დაინტერესებულ პირს თავად შეუძლია წარმოადგინოს უფლების დამდგენი დოკუმენტები.

განცხადების შემოტანიდან სარეგისტრაციო წარმოება დასრულდება მას შემდეგ, რაც დაინტერესებული პირის მიერ, ან მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სრულად იქნება მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

დაინტერესებულ პირთა მიერ ანაზღაურების მიღების მიზნებისთვის სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განაცხადის წარდგენის ვადაა არაუგვიანეს 2017 წლის 30 ივნისი.

ამ ვადის გასვლის შემდეგ საამზომველო ნახაზის შესრულებისთვის გაწეული ხარჯების ანაზრაურება არ მოხდება.