უძრავ ნივთებს მიეკუთვნება - მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა.

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისთვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნიშნავს ამ უფლების წარმოშობის შესახებ მონაცემთა აღრიცხვას შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოშობილად ითვლება ამ უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის მომენტიდან;

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან მესაკუთრე უფლებამოსილია, განკარგოს (გაასხვისოს, იპოთეკით დატვირთოს და ა.შ.) უძრავი ნივთი.

დაინეტერესებულ პირს შესაძლოა საკუთრებაში ჰქონდეს რამდენიმე უძრავი ნივთი (მიწის ნაკვეთი, ბინა ერთეული). იმ შემთხვევში, თუ უძრავი ნივთები ერთმანეთის მომიჯნავეა, დაინტერესებულ პირს შეუძლია მათი გაერთიანება და როგორც ერთი უფლების ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნა.

უძრავი ქონების გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:    

  1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);      
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;       
  3. იმ შემთხვევაში, თუ გასაერთიანებელ უძრავ ქონებას რამდენიმე მესაკუთრე ყავს, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ყველა თანამესაკუთრის სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა გაერთიანების თაობაზე.
  4. უძრავი ნივთების გაერთიანების ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი შედგენილ უნდა იქნეს ახალი სტანდარტის შესაბამისად სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში. მიწის ნაკვეთების გაერთიანების ამსახველ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე უნდა მიეთითოს გასაერთიანებელი ნაკვეთების საკადასტრო კოდები.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

შენიშვნა: მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია იუსტიციის სახლში;

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.

მომსახურების ვადა

მომსახურების ტარიფი

4 სამუშაო დღეში

50 ლარი

1 სამუშაო დღეში

150 ლარი

იმავე დღეს

200 ლარი

 

სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანების შედეგად ფორმირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეა სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეული, მომსახურება ხორციელდება, "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.