უძრავ ნივთებს მიეკუთვნება - მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა.

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისთვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნიშნავს ამ უფლების წარმოშობის შესახებ მონაცემთა აღრიცხვას შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოშობილად ითვლება ამ უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის მომენტიდან;

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან მესაკუთრე უფლებამოსილია, განკარგოს (გაასხვისოს, იპოთეკით დატვირთოს და ა.შ.) უძრავი ნივთი.

გარიგება ეს არის: ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმარულია სამარლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, ცვლილების ან შეწყვეტისკენ.

გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.

გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა.
გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით.
გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.
წერილობითი ფორმის არსებობისას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში  გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა.

ნასყიდობა არის ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

თუ ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნის საფასური პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.

თუ გარიგების საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება,  სავალდებულოა ასეთი გარიგება შედგენილი იყოს წერილობითი ფორმით, დამოწმდეს სათანადო წესით და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება საბუთების მიმღები ოპერატორის მიერ);
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;       
  3. სათანადო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

შენიშვნა: მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია იუსტიციის სახლში;

კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლოა, დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად.

მომსახურების ვადა

მომსახურების ტარიფი

4 სამუშაო დღეში

50 ლარი

1 სამუშაო დღეში

150 ლარი

იმავე დღეს

200 ლარი

ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და სრულდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.