უძრავ ნივთებს მიეკუთვნება - მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა.

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისთვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნიშნავს ამ უფლების წარმოშობის შესახებ მონაცემთა აღრიცხვას შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოშობილად ითვლება ამ უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის მომენტიდან;

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან მესაკუთრე უფლებამოსილია, განკარგოს (გაასხვისოს, იპოთეკით დატვირთოს და ა.შ.) უძრავი ნივთი.

გაცვლა წარმოადგენს გარიგების ერთ-ერთ სახეს, რომლის დროსაც გარიგების მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ მათ საკუთრებაში არსებული უძრვი ქონება, სათანადოდ დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე,  გაუცვალონ ერთმანეთს. ასეთი ტიპის ხელშეკრულება დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით.

 

 

გაცვლის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება საბუთების მიმღები ოპერატორის მიერ);
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. სათანადო წესით დამოწმებული გარიგება უძრავი ქონების გაცვლის შესახებ;

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

შენიშვნა: მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია იუსტიციის სახლში;

კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლოა, დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად.

 მომსახურების ვადა

  მომსახურების ტარიფი

4 სამუშაო დღეში

50 ლარი

1 სამუშაო დღეში

150 ლარი

იმავე დღეს

200 ლარი 

გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრაციის შედეგად მზადდება იმდენი ამონაწერი, რამდენი უფლების ობიექტის გაცვლაც განხორციელდა. შესაბამისამ გადახდილი უნდა იქნეს   მომსახურების იმდენი საფასური, რამდენ სარეგისტრაციო ობიექტზეც მოხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და სრულდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.