მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა არის მიწის ნაკვეთის საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მისი ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატო ბადის, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობებისა (აშენებული, მშენებარე, დანგრეული) და მათი სართულიანობის, ასევე, ამ მიწის ნაკვეთზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

ხაზობრივი ნაგებობების საკადასტრო გეგმა არის ნაგებობების საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო კოდის, მისი სიგრძის, კონფიგურაციისა და საკოორდინატო ბადის შესახებ.

საკადასტრო გეგმის ქაღალდის ვერსიის მომზადებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება (ივსება ელექტრონულად, განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ).
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო სამსახურს მიმართავს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.                   

საკადასტრო გეგმა მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, ასევე საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისას, უკვე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების არსებობის შემთხვევაში კი-შესაბამისი მოთხოვნისა და საფასურის გადახდისას.

საკადასტრო გეგმასა და რუკაზე მონაცემები შეიძლება დატანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

საკადასტრო გეგმა არ გაიცემა, თუ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები დაუზუსტებელია. რეგისტრაციის მიზნებისთვის, უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ, საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად.

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.

 

მომსახურების ვადა

მომსახურების ტარიფი

1 სამუშაო დღეში

7 ლარი

განცხადების შეტანის დღეს

26 ლარი

სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

 

შენიშვნა:  სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მათ საკუთრებაში არსებულ ნივთზე საკადასტრო გეგმის მომზადების მოთხოვნისას აღნიშნული მომსახურება ხორციელდება „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.