ძირითადი განსხვავება გამოწვეულია პარტნიორთა ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებით. კერძოდ, სააქციო საზოგადოების აქციონერთა, კოოპერატივის მეპაიეთა და შპს-ის პარტნიორთა პასუხისმგებლობა შემოიფარგლება საზოგადოების კაპიტალში განხორციელებული შენატანის პროპორციულად, ხოლო სპს-ის პარტნიორები პასუხს აგენენ არა მხოლოდ შენატანით, არამედ მთელი თავისი ქონებით, სრულად, პირადად და სოლიდარულად. კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა ნაწილი საზოგადოების ვალდებულებებისთვის, შპს-ის პარტნიორთა მსგავსად, შეზღუდულად აგებს პასუხს (კომანდიტი), ხოლო პარტნიორთა ნაწილი სრულად აგებს პასუხს, მთელი ქონებით პირადად და შეუზღუდავად (კომპლემენტარი).

საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს რედომიცილება არის საწარმოს რეორგანიზაციის ტოლფასი და მასზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული, საწარმოს რეორგანიზაციის მარეგულირებელი ნორმები, ხოლო უცხო ქვეყნის საწარმოს საქართველოში რედომიცილებისა და საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს უცხო ქვეყანაში რედომიცილების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ვინაიდან რედომიცილების წესის მარეგულირებელი ნორმები არ არის კანონმდებლობით დადგენილი, შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე რედომიცილების რეგისტრაცია არ არის შესაძლებელი.