ინდივიდუალური მეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო  საქმიანობას, მეწარმედ არის რეგისტრირებული რეესტრში და თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

სამეწარმეო საქმიანობა არის სუბიექტის მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად;

სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა), სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა;

შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ ასეთი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში რეესტრში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია სავალდებულო არ არის.

აღნიშნული სერვისი განკუთვნილია ფიზიკური პირთათვის, რომელთაც სურთ დაიწყონ სამეწარმეო საქმიანობა.

ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

რეგისტრაცია ნიშნავს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში.

ინდივიდუალური მეწარმე წარმოშობილად ითვლება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

ინდივიდუალურ მეწარმედ არასრულწლოვანის რეგისტრაცია შესაძლებელია  მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლების (მშობლები, მეურვე, მზრუნველი), მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობით.

განმცხადებელი სერვისზე შეიძლება იყოს უშუალოდ დაინტერესებული პირი (ვინც რეგისტრირდება ინდივიდუალურ მეწარმედ) ან მისი წარმომად­გე­ნე­ლი.

ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის მიმართეთ ნებისმიერ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;

თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:                                             

  • განცხადება (ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);                                                                                                                                                    
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;                                                

    სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ადგილზე.

    შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირდებით პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც არ წარმოადგენს თქვენს საკუთრებას, დამატებით წარმოადგინეთ აღნიშნულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობა ან სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ხელშეკრულება ამ ნივთით სარგებლობის შესახებ (იჯარის, ქირავნობის, თხოვებისა ან სხვა);

    იმ შემთხვევაში, თუ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტი.

    კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.

     

     

     

     

მომსახურების ვადა

მომსახურების ტარიფი

1 სამუშაო დღეში

20 ლარი

იმავე დღეს

50 ლარი

 
   
   

 ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და სრულდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.