„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად საჯარო რეესტრის სისტემაში შეიქმნა ახალი რეესტრი, რომელიც მოახდენს ეკონომიკურ საქმიანობათა რეგისტრაციას. ცვლილებები ძალაში 2016 წლის 2 სექტემბრიდან შევიდა.

ეკონომიკურ საქმიანობად მიიჩნევა  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეები.

იხილეთ ბმული ეროვნული კლასიფიკატორის შესახებ http://napr.gov.ge/source/ekonomikur%20saqmianobata%20reestri/NACE_Rev_2.pdf

ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია არის ნებაყოფლობითი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა, კერძოდ:

სავალდებულო სარეგისტრაციო საქმიანობის კატეორიაში შედის:

  • სურსათის /ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას. 
  • ,,შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან
  • ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების საქმიანობა, სადაც ხორციელდება ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები.

 

მაგალითად: სილამაზის სალონში განსახორციელებელი სხვა და სხვა პროცედურები.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირდება:

  • მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ პირთა (ი/მ, შპს, სს, სპს, კს, რკ, ააიპ, რელიგიური ორგანიზაციები) ეკონომიკურ საქმიანობები;
  • გადასახადის გადამხდელები ე/წ ფიზიკური პირები;
  • მიკრო მეწარმეები;
  • ამხანაგობები;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სხვა.

 მათი იდენტიფიკაცია შესაძლებელი უნდა იყოს შემოსავლების სამსახურის მიერ გადამხდელთა რეესტრში რეგისტრირებული საიდენტიფიკაციო ნომრით, ეს შესაძლებელია იყოს პირადი 11-ნიშნა კოდი ან 9-ნიშნა კოდი.

ბიზნესოპერატორად რეგისტრირებული ის მეწარმე სუბიექტები, რომელთა საქმიანობაც იყო:

  • სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას.
  • ,,შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან

 

ასეთი საქმიანობისთვის ბიზნესოპერატორად რეგისტრირებული სუბიექტების მიმართ  რეგისტრაციის ერთწლიანი ვადა აითვლება 2016 წლის 2  სექტემბრიდან. შესაბამისად, აღნიშნული სუბიექტები ვალდებული არიან  საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტში განხორციელონ 2017 წლის 2 სექტემბრიდან.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს:

 

  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს);
  • უფლებამოსილი პირის განცხადება ეკონომიკური საქმიანობის   რეგისტრაციის შესახებ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ინფორმაცია. (ინფორმაცია ივსება ელექტრონულად საბუთების მიმღები ოპერატორის მიერ.).

 

ინფორმაციაში უნდა მიეთითოს სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი საქმიანობის კონკრეტული სახე და მონაცემები სუბიექტის საქმიანობის ადგილის/მისამართის შესახებ.

თუმცა დაინტერესებულ პირს თავად შეუძლია წარმოადგინოს მის მიერ ელექტრონული ფორმით წინასწარ მომზადებული და შევსებული ეროვნული კლასიფიკატორი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მითითებით.

საქართველოსეროვნული კლასიფიკატორით გათალისწინებული ინფორმაციის შევსებისას უნდა მიეთითოს:

 

  • სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი საქმიანობის კონკრეტული სახე;
  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული ეროვნული კლასიფიკატორით მინიჭებული შესაბამისი ნომერი (ჯგუფის, კლასისა და ქვეკლასის ნომრის) აღნიშვნით;
  • კონკრეტული საქმიანობის ადგილი (მისამართი);

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. 

კერძოდ:

  • საფირმო სახელწოდებას;
  • სამართლებრივი ფორმას;
  • საიდენტიფიკაციო ნომერს;
  • იურიდიული მისამართს;
  • გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს, რომელთა მითითებაც ხდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული კლასიფიკატორის მიხედვით.

ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება 1 (ერთი) წლით რეგისტრაციის მომენტიდან.

ვადის გასვლა იწვევს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობას, თუ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა მოთხოვნა წარდგენილი რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ.

სუბიექტის საქმიანობის მისამართის შესახებ ინფორმაცია ნიშნავს ეკონომიკური საქმიანობის ადგილის მითითებას, სადაც ხორციელდება  საქმიანობის კონკრეტული სახე, შესაძლოა იყოს ერთი ან რამდენიმე.

 იმ შემთხვევაში, თუ ერთი სუბიექტის  მიერ ხორციელდება საქმიანობა რამდენიმე სხვა და სხვა საქმიანობის ადგილზე, განცხადებაში მითითებული უნდა იქნას თითოეული საქმიანობის სახე საქმიანობის ადგილის/მისამართის მიხედვით.

მაგალითად: თუ მეწარმე სუბიექტი საქმიანობას ახორციელებს 5(ხუთ) სხვა და სხვა ადგილზე, სავალდებულოა ხუთივე ადგილის/მისამართის მითითება.

 

თუ სარეგისტრაციო განაცხადში არ არის მითითებული ეკონომიკური საქმიანობის  ადგილი (მისამართი), სადაც ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობის  კონკრეტული სახე, მიიჩნევა,  რომ განცხადებაში აღნიშნული საქმიანობის სახე ხორციელდება სუბიექტის იურიდიულ მისამართზე. 

სუბიექტი  ვალდებულია საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში აცნობოს ამის თაობაზე სააგენტოს და წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტი (დოკუმენტები) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების მიზნით.

ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია გაუქმდება, თუ სუბიექტი  მიმართავს სააგენტოს ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელების დროს წარმოებს მომსახურების შემდეგი ვადები და საფასურები:

  • ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია_30 დღის ვადაში 0 ლარი
  • რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილების რეგისტრაცია_30 დღის ვადაში 0 ლარი
  • რეგისტრაციის გაუქმება_30 დღის ვადაში 0 ლარი
  • ამონაწერის მომზადება_1 დღის ვადაში 0 ლარი