იმისთვის, რომ ქონებაზე დაინტერესებულ პირს წარმოეშვას საკუთრების უფლება, სავალდებულოა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნიშნავს ამ უფლების წარმოშობის შესახებ მონაცემთა აღრიცხვას შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;

საკუთრების უფლება წარმოშობილად ითვლება ამ უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის მომენტიდან;

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან მესაკუთრე უფლებამოსილია, განკარგოს (გაასხვისოს, იპოთეკით დატვირთოს და ა.შ.) უძრავი ნივთი.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება საბუთების მიმღები ოპერატორის მიერ);
  2. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დამფუძნებელი კრების ოქმი დამოწმებული სათანადო წესით;
  4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი დამოწმებული სათანადო წესით, სადაც აღნიშნული იქნება კრებაზე დამსწრე წევრთა რაოდენობა, კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება (ხმათა რაოდენობის მითითებით), კრების თავმჯდომარის ხელმოწერა;
  5. სარეგისტრაციო ფართის აზომვითი ნახაზი;
  6. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა;
  7. საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელექტრონული ვერსია;
  8. ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება ან/და საინვენტარიზაციო გეგმა (აღნიშნულ დოკუმენტს საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ითხოვს სარეგისტრაციო სამსახური);

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმნეტი.

შენიშვნა: მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია იუსტიციის სახლში.

კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლოა დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად.