ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი არის მათი პირადობისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მისი ფარგლების გარეთ. სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე (თუ ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ასეთი დოკუმენტის მოპოვება შეუძლებელია) მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით. სამგზავრო დოკუმენტი ვარგისია ლტოლვილის გასასვლელად საქართველოდან საზღვარგარეთის ყველა სახელმწიფოში, გარდა თავისი მოქალაქეობის ან ადრინდელი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნისა, ასევე გარდა იმ სახელმწიფოებისა, რომლებშიც მისი და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა არ ითვლება უსაფრთხოდ.

დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

  • ბინადრობის მოწმობა;
  • ბიომეტრიული ფოტოსურათი.

თუ სამგზავრო დოკუმენტი უნდა გაიცეს არასრულწლოვანი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე , დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს:

  • არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა, თუ პირი დაბადებულია საზღვარგარეთ;
  • ბინადრობის  მოწმობა;
  • 16 წლამდე არასრულწლოვანი პირის ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
  • 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
  • 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანი პირის  პასპორტის გასაცემად საკმარისია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
  • რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს სამგზავრო პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

შენიშვნა:  სამგზავრო დოკუმენტის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა,  9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.

არასრულწლოვანი პირის სამგზავრო პასპორტის გასაცემად კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემდეგი ფორმით:

  • სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;
  • სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი ფორმით - თუ არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეა;
  • პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით;
  • სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.