უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შეიძლება გადაუვადდეს შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ მას სააგენტოსთვის წარდგენილი აქვს განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად;
  • ავადმყოფობის ან ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც ექიმის დასკვნით მისი შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში მასთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები;
  • თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად;
  • თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას იგი იძულებული ხდება გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 10 დღეზე მეტი ხნით. ამ შემთხვევაში იძულებით გაჩერებად ჩაითვლება:

               ა) ბუნებრივი მოვლენა, რომელიც აფერხებს მატარებლის, ავტოტრანსპორტის, გემის ან თვითმფრინავის მოძრაობას;

               ბ) სატრანსპორტო საშუალების აუცილებელი რემონტი ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;

               გ) ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეში გადაჯდომის შეფერხება;

              დ) სხვა შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე შეუფერხებლად გადაადგილება;

              ე) საქართველოს სამინისტროს ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კომპეტენტური პირის მიმართვის საფუძველზე.

საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებისთვის დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

  • დადგენილი ფორმის განცხადება;
  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
  • საქართველოში ლეგალურად  ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძვლის გათვალისწინებით ამ გარემოებათა დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • დაბადების მოწმობა, თუ განცხადება წარდგენილია არასრულწლოვანი პირის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე; 
  •  ფოტოსურათი;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ მიიღბა შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. 

მომსახურების საფასური 50 ლარია. 

მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება შემდეგ შემთხვევებში:

  • ავადმყოფობის ან ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც ექიმის დასკვნით, უცხოელის შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის უცხოელის ჯანმრთელობას;
  • თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას, უცხოელი იძულებული ხდება გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 5 დღეზე მეტი ხნით;
  • თუ საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების ინიციატორი საქართველოს სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა.

ენიშვნა: საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით და სააგენტოს შესაძლებლობა აქვს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.