საქართველოში დროებითი ცხოვრების უფლებით გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები:
- შრომითი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად;
- სასწავლო ბინადრობის ნებართვა - გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით;
- ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით - გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე;
- საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
- მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა - გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი;
- საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი;
- დროებითი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი;
- მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობს საკუთრებას უძარვ ნივთზე (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.
- სპეციალური ბინადრობის ნებართვა - გაიცემა:
ა) უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული;
ბ) უცხოელზე, რომელზეც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი;
გ) უცხოელზე, რომელის გაძევებაც ვერ მოხერხდა და შესაბამისად გაიცა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა და დროებითი საიდენტიფიციო მოწმობის მიღებიდან გასულია 5 წელი;
დ) უცხოელზე, რომელიც არის თანამემამულის სტატუსის მქონე.
შენიშვნა: ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიხნებისთვის უცხოელის ოჯახის წევრებად მიიჩნევიან: საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე ან შესაბამისად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი, ასევე მისი მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი ან/და სრულ კამყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი.