• დაინტერესებული პირი უფლებამოსილია რეგისტრაცია გაიაროს მისამართზე რომელსაც ის საცხოვრებლად ირჩევს, ხოლო თუ პირს რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვს, მისი სურვილისამებრ ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 
  • თუ დაინტერესებული პირი,  რეგისტრირებული იყო ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რეგისტრაციიდან მოიხსნა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, მიღების ან აღდგენის შემთხვევაში შესაძლებელია დარეგისტრირდეს იმავე მისამართზე მხოლოდ მისივე განცხადების საფუძველზე.
  • თუ დაინტერესებული პირი რეგისტრირებული იყო ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რეგისტრაციიდან მოიხსნა  საქართველოდან ემიგრაციის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების) ნებართვის გაცემის საფუძველზე, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლებელია დარეგისტრირდეს იმავე მისამართზე მხოლოდ მისივე განცხადების საფუძველზე.
  • თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში,  სამხედრო სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირი, რომელსაც არ გააჩნია რეგისტრაციის ადგილი, რეგისტრაციას გაივლის შესაბამისი უწყების წერილობითი  მომართვის საფუძველზე.  პირის რეგისტრაციის ადგილად მიეთითება დაწესებულების მისამართი.  
  • რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ იმ მისამართზე, რომელზეც განთავსებულია ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნული ფართი და რომელიც მითითებულია სსგ სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრში; აგრეთვე იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნული შენობა-ნაგებობა.

  • რეგისტრაცია არ შეიძლება განხორციელდეს თუ ამ მისამართზე დასარეგისტრირებელი თითოეული პირისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართი 5 კვ.მ-ზე ნაკლებია. ეს შეზღუდვა არ ეხება იმ დაინტერესებულ პირს, რომელიც წარმოადგენს  მესაკუთრის  ოჯახის წევს ან ნათესავს.

     

 

მისამართზე რეგისტრაციისთვის საქართველოს მოქალაქემ უნდა მიმართოს  საცხოვრებელი ადილის მიხედვით იუსტიციის სახლის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

მისამართის გარეშე რეგისტრაციის მიზნით საქართველოს მოქალაქემ უნდა მიმართოს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

უცხო სახელმწიფოში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ რეგისტრაციის მოთხოვნით უნდა მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

განცხადება  რეგისტრაციის ადგილის ცვლილებაზე შეიძლება წარადგინოს: 

  • სრულწლოვანმა  ქმედუნარიანმა პირმა პირადად;
  • 14 წელს მიღწეულმა არასრულწლოვანმა;
  • არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირის კანონიერმა წარმომადგენელმა (მშობელმა, მეურვემ ან მზრუნველმა) გარდა 16-დან 18 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა;
  • მხარდაჭერის მიმღებმა პირმა, მხარდამჭერის თანხმობით.
  • მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის რეგისტრაციის შემთხვევაში, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

!!! საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, თუმცა 16-18 წლამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელი ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამავდროულად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა  შესაძლებელია იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში.  

პირადობის ელექტრონული მოწმობის მქონე პირის რეგისტრაციის ადგილის ცვლილებაზე განაცხადი შესაძლებელია ასევე  წარადგინოს: 

  • სათანადო წესით დამომწებული მინდობილობის მქონე პირმა. 

სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას, ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციის მიზნით უფლებამოსილ სამსახურში წარადგენს ერთ-ერთ შემდეგ დოკუმენტს:

  • საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს;
  • საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობას;
  • ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატულ წერილობით დადასტურებას იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე.

შენიშვნა: ორი სრულწლოვანი, ქმედუნარი პირი (მოწმე) ვალდებულია განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის წინაშე გადაწეროს გაფრთხილების ტექსტი, ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში სამართლებრივი შედეგის თაობაზე და შემდეგ მოაწეროს ხელი ახსნა-განმარტებას.

სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეზე, რომელზეც არ არის გაცემული პირადობის ელექტრონულ მოწმობა, მისამართზე  რეგისტრაციის ან რეგისტრაციის ცვლილებასთან ერთად სავალდებულოა გაიცეს პირადობის ახალი მოწმობა, რისთვისაც (გარდა რეგისტრაციისთვის საჭირო ზემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი დოკუმენტისა) დამატებით წარმოსადგენია:

  • ბიომეტრიული ფოტოსურათი;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრი.

შენიშვნა: რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილ განცხადება-ანკეტაში განმცხადებელმა სავალდებულოა მიუთითოს მოცემული საცხოვრისის მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია.

სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში დაინტერესებული საქართველოს მოქალაქე იუსტიციის სახლის შესაბამის ფილიალში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში განცხადებასთან ერთად წარადგენს:

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგნეტოს" უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის თანხმობას.

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში დაინტერესებული საქართველოს მოქალაქე იუსტიციის სახლის შესაბამის ფილიალში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში განცხადებასთან ერთად წარადგენს:

  • მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის თანხმობას. 

იურიდიული პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში დაინტერესებული საქართველოს მოქალაქე იუსტიციის სახლის შესაბამის ფილიალში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში განცხადებასთან ერთად წარადგენს:

  • იურიდიული პირის შესაბამისი ხელმძღვანელი ორგანოს თანხმობას.

შენიშვნა: საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში რეგისტრაციისას ასევე სავალდებულოა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა

სახელმწიფო და პირის პირადი ინტერესების გათვალისწინებით, პირის უფლებებისა და მოვალეობების სრულად რეალიზაციის მიზნებისთვის სავალდებულია საქართვეელოს ყველა მოქალაქე რეგისტრირებული იყოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.  თუმცა პირი რომელიც ობიექტურ მიზეზთა გამო არ ცხოვრობს მიწასთან მყარად დაკავშირებულ, ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნულ შენობაში, ან ცხოვრობს შენობაში, რომლის მისამართის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რეგისტრირდება მისამართის მითითების გარეშე იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იგი იმყოფება. 

მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. 

ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნილად, რაც წარმოადგენს მისი პირადობის ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების საფუძველს. რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ პირი ვალდებულია ხელახლა გაიაროს რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული პირი ითხოვს მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას, დაინტერესებულმა პირმა  დამატებით უნდა წარმოადგინოს წერილობითი განცხადება, სადაც უნდა დაასაბუთოს აღნიშნულის გამომწვევი მიზეზები ან/და  წარმოადგინოს სათანადო მტკიცებულებები

პირადობის ელექტრონული მოწმობის მფლობელი პირი მისამართზე რეგისტრაციას გაივლის რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტების 

წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ან  არაუმეტეს 1 თვის ვადაში; აღნიშნული მომსახურება უფასოა.

იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაციასთან ერთად მოთხოვნილია პირადობის მოწმობის გაცემა, რეგისტრაცია ხორციელდება მოწმობის გაცემისთვის

გათვალისწინებულ ვადაში;

დაინტერესებული პირი, რომელიც არ ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას ან დგინდება მისი პირადობის ელექტრონული მოწმობის შეცვლის ერთ-ერთი საფუძველი, მისამართზე რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად წარადგენს მოთხოვნას პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად. ამ შემთხვევაში პირი იხდის პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად დადგენილ მომსახურების საფასურს:

ვადა

ფასი

მე-10  სამუშაო დღეს

60 ლარი

მე-5 სამუშაო დღეს

80 ლარი

მე-3 სამუშაო დღეს

100 ლარი

24 საათში

120 ლარი

იმავე დღეს

150 ლარი