ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.

  უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით! 

  მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში − ანუ ნებისმიერი 6 თვიდან მხოლოდ 3 თვეს. 180 დღიდან 90 დაშვებული დღის გამოყენება შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწ ლებით, მაგალითად, შემდეგნაირად:

 

  90-დღიან პერიოდში შესაძლებელია მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ საჭიროა, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვიზიტის  ხანგრძლივობა არ აღემატება ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში. რეკომენდებულია, ისარგებლოთ შენგენის ზონაში ყოფნის დასაშვები პერიოდის  სპეციალური გამომთვლელით: http://www.bit.ly/1RpK3iq

 

უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა:

  ტურიზმი;
  ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;
  საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
  საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში,
  სიმპოზიუმებსა თუ გამოფენებში მონაწილეობა; მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში,
  გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში
  მონაწილეობა;
  კულტურულ, სამეცნიერო და სპორტულ ღონისძიებებში
  მონაწილეობა;
  სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი
  სამკურნალო კურსი/ოპერაცია.

 

რა საბუთებია საჭირო უვიზოდ მგზავრობისათვის:

  მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა საქართველოში დაბრუნების დღისთვის არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები.

რა მოგეთხოვებათ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო კონტროლის დროს:

  ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი შეიძლება დაინტერესდეს, თუ რა არის თქვენი მგზავრობის  კონკრეტული მიზანი (მაგ.: საქმიანი ვიზიტი, ტურიზმი, მეგობრების ან ნათესავების მონახულება, სასწავლო კურსი 90 დღემდე ვადით).

მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს, მოითხოვოს შემდეგი საბუთები:

  საქართველოში უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.: ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები).

 

გაითვალისწინეთ !

ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ყოფნის 90 დღის (180 დღის განმავლობაში) ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს შენგენის ზონა!


ამ ქვეყნებში 90 დღე გადაბმულად ყოფნის შემთხვევაში ხელახლა გამგზავრება შესაძლებელი იქნება შენგენის ზონის დატოვებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ.


უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მუშაობის/ხანგრძლივი სწავლის უფლებას!

ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქე:


არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას ან შიდა უსაფრთხოებას;
არ უნდა იყოს ნასამართლევი ევროკავშირის/შენგენის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით;

ასევე,
არ უნდა არსებობდეს გადაწყვეტილება ევროკავშირის/შენგენის ქვეყნიდან მისი გაძევების შესახებ;
არ უნდა არსებობდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები;


და
არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომელთაც აკრძალული აქვთ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლა.


საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან, დაიცვან ადგილსამყოფელ ქვეყანაში შესვლისა და ყოფნის წესები, აგრეთვე, იმ ქვეყანაში მოქმედი სხვა კანონმდებლობა.
90-დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით;


ალტერნატივის სახით, შესაძლოა, გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული ზომა - ჯარიმა 3,000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში (ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე); ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რის შემდეგაც გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე  ვადით;
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მუშაობა სამუშაო ნებართვის გარეშე ითვლება არალეგალურად, რასაც, ასევე, შესაძლოა, მოჰყვეს ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა.

ბროშურის PDF ვარიანტი შეგიძლიათ გადმოწეროთ აქ: აუცილებელი ინფორმაცია ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ!