მარტოხელა დედის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე იმ პირს, რომლის ბავშვის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში თუ:


ა) ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის მონაცემები ან მონაცემების მითითება მოხდა დედის განცხადებით (ბავშვის მამის სახელი განისაზღვრა დედის განცხადებით და მამის გვარად განისაზღვრა დედის გვარი);
ბ) მშვილებელი ქალი,  რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფება ქორწინებაში. სტატუსის დადგენის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოდგენს ბავშვის დაბადების აქტში მამის მონაცემების არსებობა, აგრეთვე მშვილებელი ჩაწერილია თუ არა მშობლად.


    მარტოხელა მამის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს/საქართველოში მოქალაქეობის არმქონე იმ პირს, რომლის ბავშვის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, თუ:

ა)  ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი  ბავშვის დედის მონაცემები;
ბ) მშვილებელი კაცი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფება ქორწინებაში. სტატუსის დადგენის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოდგენს ბავშვის დაბადების აქტში დედის მონაცემების არსებობა, აგრეთვე მშვილებელი ჩაწერილია თუ არა მშობლად.

მარტოხელა მშობლის სტატუსის მოსაპოვებლად განცხადებით შეიძლება მოგვმართოს:

  • მარტოხელა მშობლის სტატუსის მაძიებელმა პირმა 16 წლის ასაკიდან,  თუ ქორწინების საფუძველზე შეძენილი აქვს ქმედუნარიანობა;
  • მარტოხელა მშობლის სტატუსის მაძიებელმა 18 წლამდე ასაკის პირის ერთ-ერთმა კანონიერმა წარმომადგენელმა, გარდა იმ შემთხვევისა თუ 16 - დან 18 წლამდე ასაკის პირს ქორწინების საფუძველზე შეძენილი აქვს ქმედუნარიანობა;
  • მხარდაჭერის მიმღებმა მხარდამჭერი პირის შემთხვევაში;
  • მინდობილმა პირმა;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, თუ პირი იმყოფება მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ.

!!! საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, თუმცა 16-18 წლამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელი ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამავდროულად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა  შესაძლებელია იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში.