განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებამოსილება გააჩნია:

  • განქორწინების მსურველ მეუღლეებს - ერთობლივი განცხადების საფუძველზე;
  • ერთ–ერთ მეუღლეს თუ:

ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ;
ბ) მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო - უკვლოდ დაკარგულად;
გ) მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისა.

  • შესაბამისი წარმომადგენლობის მქონე პირს.

 

 იმ მეუღლესათან, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, განქორწინების რეგისტრაცის ხორციელდება, თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა მათი საერთო თანასაკუთრების გაყოფასთან, შრომისუუნარო მეუღლის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინებასთან ან საერთო ბავშვებთან დაკავშირებით.

 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

განქორწინების რეგისტრაციის თაობაზე მეუღლეთა ერთობლივი განცხადების წარდგენის შემთხვევაში, განქორწინების აქტის რეგისტრაციამდე, ერთ - ერთი მეუღლის მიერ  რეგისტრაციაზე წერილობითი  უარის თქმის  შემთხვევაში, განქორწინების  რეგისტრაცია არ განხორციელდება.  

მეუღლეთა  ერთობლივი   განცხადების  საფუძველზე განქორწინების  რეგისტრაციისთვის, უფლებამოსილ ორგანოში წარსადგენი  დოკუმენტებია:

  • განსაქორწინებელ პირთა ერთობლივი წერილობითი განცხადება;
  • განსაქორწინებელ პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • ქორწინების მოწმობა;

ერთ-ერთი მეუღლის მიერ განქორწინების რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილ განცხადებას, საფუძვლის გათვალისწინებით, ასევე უნდა დაერთოს  ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი დოკუმენტი:

  • განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; 
  • მეორე მეუღლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;
  • მეორე მეუღლის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (თუ აღნიშნული პირი 2015 წლის 1 აპრილამდე ცნობილია ქმედუუნარო პირად);
  • მეორე მეუღლისათვის არანაკლებ 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი;

შენიშვნა: თუ განცხადებას წარადგენს განქორწინების მსურველი პირის წარმომადგენელი,  აღნიშნულ დოკუმენტებს ასევე უნდა დაერთოს წარმომადგენლის პირადობის და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.