იუსტიციის სახლი შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისების გაცემის სტატისტიკას აჯამებს

Monday, 17 July 2017

იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში შსს სერვისების მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მხოლოდ ორი თვის განმავლობაში იუსტიციის სახლებში 3 200-ზე მეტი ნასამართლობის შესახებ ცნობა გაიცა. 
იუსტიციის სახლში შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისი - ნასამართლობის შესახებ ცნობა 3 მაისიდან გაიცემა. სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 19 ფილიალსა და მომსახურების სააგენტოების ტერიტორიულ ერთეულებში შეუძლიათ. 
სერვისის მისაღებად საჭიროა მოქალაქემ წარადგინოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ნასამართლობის შესახებ ცნობას განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ მიიღებს. დაჩქარებული წესით, 1 სამუშაო დღეში ცნობის აღების საფასური 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში - 15 ლარი.
იუსტიციის სახლსა და მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ეტაპობრივად, შსს-ს მომსახურების სააგენტოს კიდევ 14 სერვისი დაინერგება. მათ შორისაა: განმეორებითი მართვის მოწმობის გაცემა, დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა, ასევე ცნობების გაცემა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, პირის მსჯავრდების, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობისა თუ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ და სხვ.