უძრავი ქონების რემონტის დაზღვევა − იუსტიციის სახლის განახლებული სერვისი მოქალაქეებისთვის

Friday, 07 September 2018

უძრავი ქონების რემონტის დაზღვევა − იუსტიციის სახლის განახლებული სერვისი მოქალაქეებისთვის

 

იუსტიციის სახლი სახელმწიფო თუ კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე კვლავ ზრუნავს და ამჯერად მომხმარებლებს უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის განახლებულ პაკეტს სთავაზობს. იუსტიციის სახლი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ქონების რეგისტრაციასთან ერთად ის კომფორტულ გარემოში ერთ სივრცეში სწრაფად და მარტივად დააზღვიონ.

ქონების რეგისტრაციის შემდეგ მის დაზღვევას აუქციონის გზით გამოვლენილი სადაზღვევო კომპანია „ალფა“ უზრუნველყოფს და ამისათვის მოქალაქეებს სადაზღვევო კომპანიების ოფისებში გამოცხადება აღარ მოუწევთ. ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანია „ალფასთან“ უკვე გაფორმდა.

უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის დეტალები 7 სექტემბერს, მომხმარებლებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა  და სს სადაზღვევო კომპანია „ალფას“ გენერალურმა დირექტორმა  კახაბერ დიასამიძემ გააცნეს. 

უძრავი ქონების შეძენის პარალელურად მისი დაზღვევის სერვისის დანერგვის იდეა იუსტიციის სახლს ეკუთვნის; პარტნიორი სადაზღვევო კომპანია კი აუქციონის წესით შეირჩა და მასში „ალფამ“ გაიმარჯვა. კომპანია „ალფა“ იუსტიციის სახლის მომხმარებლებს განსაკუთრებულ, სპეციალურად იუსტიციის სახლის მომხმარებლებისთვის შემუშავებულ პაკეტს სთავაზობს.

მესაკუთრეებს უძრავი ქონების რემონტის დაზღვევა წელიწადში 90 ლარად შეეძლებათ, რაც თვეში მხოლოდ 7.50 ლარს შეადგენს. პოლისი ითვალისწინებს ისეთი ხშირი რისკების დაზღვევას, როგორიცაა მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა; დატბორვა, რომელიც გამოწვეულია გათბობის სისტემის დაზიანებით, კანალიზაციის და წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლით; უხვთოვლიანობა, წყალდიდობა, სეტყვა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მეხის დაცემა, შტორმი; ხანძარი, აფეთქება, დაზიანება კვამლით (რომელიც შედეგად მოჰყვა ხანძარს); ასევე, მესამე პირის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი; ვანდალიზმი; მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა − მესამე პირისთვის დატბორვით, ხანძრით ან აფეთქებით მიყენებული ზიანი.