შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის თემებზე მედიის წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

Monday, 24 December 2018

იუსტიციის სახლმა, პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ ფარგლებში განხორციელებული მიღწევები ჟურნალისტებს ყვარლის სასწავლო ცენტრში გამართულ მედიასემინარზე გააცნო. პროექტის განხორციელება იუსტიციის სახლმა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2018 წლის ივნისიდან დაიწყო. პროექტის ძირითად მიმართულებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების საკითხში იუსტიციის სახლის თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლება წარმოადგენს.
ტრენინგს ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ქცევის ეტიკეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სათანადო კომუნიკაციის დამყარება, მასმედიის საშუალებით სიუჟეტების მომზადების დროს მათთვის საჭირო რეკომენდაციებისა და მითითებების მიწოდება წარმოადგენდა. მედიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში’’ სახელმძღვანელოს შესახებ, რომელიც საქართველოში აღნიშნულ თემატიკაზე შექმნილ პირველ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. ამასთან, ჟურნალისტები საკითხის ისეთ ასპექტებსაც გაეცნენ, რომელიც მათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ მუშობის დროს დაეხმარებათ. შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს შეზღუდული შესაძლებლობისადმი პოზიტიური დამოკიდებულებისა და სათანადო ტერმინოლოგიის გამოყენების, მათ უფლებების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანასწორობის, ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან ურთიერთობის, ქცევის ეტიკეტსა და სხვა აქტუალურ თემებზე. 
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შემუშავებული სპეციალური ტრენინგ-მოდულით, უკვე გადამზადდა იუსტიციის სახლის წინა ხაზის უკლებლივ ყველა - ჯამში 750 თანამშრომელი საქართველოს მასშტაბით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მაღალი ცნობიერება და საჭიროებებზე მორგებული სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი ცოდნა, იუსტიციის სახლის მომსახურების პროცესს უფრო ხელმისაწვდომს და ადაპტირებულს ხდის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტი დაინერგა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში, ხოლო უკვე შემუშავებული ტრენინგ-მოდული იუსტიციის სახლის ახალი თანამშრომლების გადამზადების სისტემის ნაწილი გახდა, რაც პროექტის შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს. ამავე პროექტის ფარგლებში იუსტიციის სახლის 20 თანამშრომელი უკვე დაეუფლა ჟესტურ ენას
.