ზუგდიდში რიგით მეცამეტე იუსტიციის სახლი გაიხსნა

Monday, 29 June 2015

ზუგდიდის იუსტიციის სახლი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეებთან ერთად საზეიმოდ გახსნა. ოფიციალურ ცერემონიას  მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები  და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული დელეგაციები ესწრებოდნენ.
ზუგდიდის იუსტიციის სახლი სამეგრელოს რეგიონში პირველი ფილიალია და სიდიდით ფილიალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. 7 ივნისიდან უკვე სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობასაც შეეძლება 300-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტის დაცვით მინიმალურ დროში კომფორტულ გარემოში მიღება.

ზუგდიდის იუსტიციის სახლის კონცეფციაც, სხვა ფილიალების მსგავსად, სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიწოდებას წარმოადგენს. მომსახურების დარბაზი დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად - თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცედ. სწრაფი მომსახურების სივრცეში ზუგდიდელი მომხმარებელი სასურველ სერვისს 1-5 წუთამდე დროში მიიღებს, ხოლო ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში - 15 წუთამდე დროში, ლოდინის პერიოდი კი, საშუალოდ, 15 წამიდან 1,5  წუთამდე გასტანს.  
იუსტიციის სახლის ფილიალების მშენებლობა 2016 წლამდე საქართველოს მასშტაბით კიდევ 6 ქალაქში - კერძოდ, ფოთში, მცხეთაში, ყაზბეგში, ლაგოდეხში, თიანეთსა და ბორჯომშია დაგეგმილი; ამ დროისთვის კი, იუსტიციის სახლის ფილიალები პრაქტიკულად ყველა  მსხვილ ქალქში მოქმედებს და ჯამში დღის განმავლობაში 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ემსახურება.