საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იუსტიციის სამინისტრომ გორში აღნიშნა

Monday, 27 May 2019

ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის წესები და მათი სწორად გამოყენება, ქალთა უფლებები დღეს და საიდან იწყება საქართველოში ქალების ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის, ჩვენი ქვეყნის დოკუმენტური მეხსიერება და ეროვნული საგანძური, თანამედროვე ხელოვანები შიდა ქართლიდან - ეს ის თემებია, რომლის შესახებაც გააზიარა ცოდნა იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე. 

უწყებამ 26 მაისი ქალაქ გორში მასშტაბური სანახაობით აღნიშნა. წლევანდელი საზეიმო ღონისძიების სლოგანი „გააზიარე ცოდნაა“, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის სამინისტრომ გორელებსა და ქალაქის სტუმრებს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში. ამიტომ საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს უწყებამ უვიზო მიმოსვლის შესახებ გაუზიარა ცოდნა. გორის მთავარი მოედანი ერთი დღით უზარმაზარ იმიტირებულ აეროპორტად გადაიქცა. ვიზალიბერალიზაციის პავილიონის სტუმრებმა გაიგეს დეტალები უვიზო მიმოსვლის შესახებ, გაიარეს „საპასპორტო კონტროლი“, „ჩასხდნენ თვითმფრინავში“, „დაელოდნენ ბარგს“, თავად არჩევდნენ მოგზაურობისთვის სასურველ ქალაქს ევროპის რუკაზე, ისარგებლეს მემოგრამით და „გადაიღეს“ ფოტო საყვარელი ქალაქის ფონზე.

იუსტიციის სამინისტრომ, როგორც ქალთა ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ავტორმა, ღონისძიების მონაწილეებს გაუზიარა ცოდნა საქართველოში ქალთა მოძრაობის ისტორიის შესახებაც. გორი ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანი ქალაქია, სწორედ აქ, 1913 წელს შეიქმნა ქალთა პირველი მოძრაობა, საზოგადოება „მანდილოსანი“. საზოგადოების დამაარსებლები იყვნენ ანა ამილახვარი, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია, ოლღა გოგლაჩიძე, თინათინ ჯავროვი, ანა მაისურაძე, მარიამ ელიოზაშვილი, ქეთევან ჯავახიშვილი, ანასტასია კაპანაძე და სხვები. მათი მიზანი გორში მცხოვრები გაჭირვებული ქალების დახმარება იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისის გამოჩენილ ქართველ ქალთა გასახსენებლად, 26 მაისის ღონისძიებას არტ-კაფე „მანდილოსანმა“ უმასპინძლა, კოსტიუმები და შექმნილი ატმოსფერო კაფის სტუმრებს გასული საუკუნის დასაწყისში მოგზაურობის საშუალებას და, ამავე დროს, თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრების გაცნობის საშუალებას აძლევდა.

ქართული ანიმაცია და შესანიშნავი ქართულ კინოდოკუმენტალისტიკა გაუზიარა საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა. მოეწყო ღია კინოთეატრი დეკორატიული კინოფირის ფორმატში, სადაც მთელი დღის განმავლობაში, პერიოდულად ეკრანზე გადიოდა იუსტიციის არქივის მიერ აღდგენილი ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები. კინოთეატრის ზონაში წარმოდგენილი იყო ეროვნული არქივის ფოტოგამოფენა.

გარდა ამისა, მოეწყო მებაღეობისა და ხელნაკეთი ნივთების ფესტივალი, სადაც გორელებსა და ქალაქის სტუმრებს ყველის ასორტის, ჩირეულის, თაფლისა და სხვადასხვა სახეობის ღვინის როგორც დეგუსტაცია, ასევე შეძენა შეეძლოთ. 

დამოუკიდებლობის დღესასწაულის ყველაზე პატარა მონაწილეებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ ესარგებლათ ბავშვების გასართობი სივრცითა და მრავალფეროვანი პროგრამით.

საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის აჟღერება იყო. ჰიმნი ისევე, როგორც მთელ საქართველოში, 17:10 წუთზე შესრულდა და ის გორის ქალთა კაპელამ შეასრულა. ეროვნული ჰიმნი გორში ჟესტების ენის თანხლებით აჟღერდა.