იუსტიციის სახლში უძრავი ქონება 1326-მა მოქალაქემ დააზღვია

Friday, 12 April 2019

იუსტიციის სახლში მომხმარებლები უძრავი ქონების დაზღვევის სერვისით აქტიურად სარგებლობენ. ამ დრომდე 1326-მა მოქალაქემ ისარგებლა კერძო სექტორის სერვისით და უძრავი ქონების შეძენის პარალელურად შენაძენი იქვე, სივრციდან გაუსვლელად დააზღვია. 

იუსტიციის სახლში აღნიშნული სერვისი 2017 წლიდან გაიცემა. უძრავი ქონების შეძენის პარალელურად მისი დაზღვევის სერვისის დანერგვის იდეა იუსტიციის სახლს ეკუთვნის; პარტნიორი სადაზღვევო კომპანია კი აუქციონის წესით შეირჩა და მასში „ალფამ“ გაიმარჯვა. კომპანია „ალფა“ იუსტიციის სახლის მომხმარებლებს განსაკუთრებულ, სპეციალურად მათთვის შემუშავებულ პაკეტს სთავაზობს. მათ უძრავი ქონების რემონტის დაზღვევა წელიწადში 90 ლარად შეეძლებათ, რაც თვეში მხოლოდ 7.50 ლარს შეადგენს. 
ქონების რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეებს სადაზღვევო კომპანიების ოფისებში გამოცხადება არ უწევთ.

პოლისი ითვალისწინებს ისეთი ხშირი რისკების დაზღვევას, როგორიცაა მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა; დატბორვა, რომელიც გამოწვეულია გათბობის სისტემის დაზიანებით, კანალიზაციის და წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლით; უხვთოვლიანობა, წყალდიდობა, სეტყვა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მეხის დაცემა, შტორმი; ხანძარი, აფეთქება, დაზიანება კვამლით (რომელიც შედეგად მოჰყვა ხანძარს); ასევე, მესამე პირის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი; ვანდალიზმი; მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა − მესამე პირისთვის დატბორვით, ხანძრით ან აფეთქებით მიყენებული ზიანი.

უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის პოლისის შეძენა შეუძლია საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, რომელთაც ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აქვთ რეგისტრირებული.

იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კომფორტზე და სახელმწიფო თუ კერძო სექტორთან თანამშრომლობით მოქალაქეებს სთავაზობს მათთვის საჭირო სერვისებს ერთ სივრცეში.