დროულად დაარეგისტრირეთ მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობებები

Tuesday, 06 November 2018

გრძელდება მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და იუსტიციის სახლი მოუწოდებენ ყველას, დროულად მიმართონ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებსა და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და გაიარონ რეგისტრაცია.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ გამართეს ბრიფინგი.

მიეკუთვნება თუ არა თქვენი საქმიანობა აღნიშნულ კატეგორიას, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ  საქართველოს მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილებით დამტკიცებული მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალში, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე  //https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4277583 

ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონულ ოფისებში,  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505.

აღნიშნული საქმიანობების სავალდებულო რეგისტრაციის ნორმის ამოქმედებიდან - მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან - 5 ნოემბრის ჩათვლით შემოსულია 77 915 განცხადება.

აღსანიშნავია, რომ საქმიანობის დარეგისტრირების მიზნით მომართვიანობის მაქსიმალური რაოდენობა 28 ოქტომბერს დაფიქსირდა - 19 064, შემდგომ დღეებში შემოსული განცხადებების რაოდენობა 1500-დან 3700-მდე მერყეობდა. 1 ნოემბრიდან კი მომართვიანობა შემცირდა და დღეში მხოლოდ 500-მდე განცხადება ფიქსირდება.  

 „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია. აკრძალულია მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება.