„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სახლში სკრინინგი ჩატარდა

Monday, 17 July 2017

„განიკურნე!“ - ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სახლის თანამშრომლებსა და ვიზიტორებს C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ. პროცესის მიმდინარეობას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული იუსტიციის სახლის დირექტორ გივი აზაურაშვილთან ერთად დაესწრო. 
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა 2 ჯგუფი კვლევებს სწრაფი-მარტივი ტესტების საშუალებით, მთელი დღის განმავლობაში აკეთებდა, მიღებულ ინფორმაციას კი, ახლად შემუშავებულ C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ელექტრონულ სისტემაში ათავსებდა. იუსტიციის სახლში გამართულ სკრინინგის აქციაში ათეულობით ადამიანი ჩაერთო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიცირებული კამპანია - „განიკურნე!“ მიზნად C ჰეპატიტის ვირუსის დროულ გამოვლენას ისახავს. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა დროულად ჩაიტაროს სკრინინგი, გაიგოს, აქვს თუ არა ვირუსი, სახელმწიფო კი ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაში ჩართვით უზრუნველყოფს. უფასო საყოველთაო სკრინინგის აქციაში ჩართვით, ყველა დაინტერესებული პირი ინფორმაციას ორგანიზმში ვირუსის არსებობის შესახებ ტესტის გაკეთებიდან 15 წუთში იღებს. სკრინინგული კვლევები მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებსა და C ჰეპატიტის მართვის ცენტრებში მიმდინარეობს.

ამ დრომდე C ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 41.000-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, მათგან 30.000-ზე მეტმა კი მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს.